შეწყალების კომისია ახალი შემადგენლობით, სავარაუდოდ, მომავალ კვირას შეიკრიბება. როგორც "ინტერპრესნიუსს" შეწყალების კომისიის თავმჯდომარემ, ელენე თევდორაძემ განუცხადა, ხვალისთვის
დაგეგმილი იყო კომისიის სხდომის გამართვა, თუმცა იმის გამო, რომ ძველი შემადგენლობიდან ზოგიერთი წევრი ახლა დეპუტატი აღარ არის, რამდენიმე მათგანი კი სხვა თანამდებობაზე დაინიშნა, სხდომის გამართვა კომისიის ახალი შემადგენლობით დაკომპლექტებამდე გადაიდო.
მისივე ინფორმაციით, კომისიის თავმჯდომარის პოსტს თავად შეინარჩუნებს, ხოლო ახალი შემადგენლობის ერთ-ერთი წევრი საქართველოს სახალხო დამცველი უჩა ნანუაშვილი იქნება.
ამასთან, თევდორაძე ვერ აკონკრეტებს, ვინ დარჩება კომისიაში ძველი შემადგენლობიდან და ვინ იქნებიან ახალი წევრები.
მისივე ინფორმაციით, შეკრებისთანავე, კომისია 500-მდე პატიმრის საქმეს განიხილავს, რომელთა შორის ორი ქალია.