სახელმწიფო აუდიტის სამსახურის პოლიტიკური პარტიების ფინანსური მონიტორინგის სამსახურმა, "ნაციონალური მოძრაობის" მხრიდან საარჩევნო პერიოდში დარღვევები გამოავლინა , რომელზეც ამნისტია ვრცელდება.
აღნიშნულთან დაკავშირებით, აუდიტის სამსახურმა განცხადება გაავრცელა. მთავარი პროკურატურიდან მიღებული მასალების საფუძველზე, აუდიტის სამსახურმა დაიწყო ადმინისტრაციული წარმოება პოლიტიკური გაერთიანება "ერთიანი ნაციონალური მოძრაობის" მიერ ორგანული კანონით განსაზღვრული ვალდებულებების შესაძლო დარღვევის ფაქტებზე.
პოლიტიკური პარტიების ფინანსური მონიტორინგის სამსახურის მიერ შესწავლილი საკითხი შეეხება პოლიტიკური გაერთიანება "ერთიანი ნაციონალური მოძრაობის მიერ" 2012 წლის 8, 23 და 28 სექტემბერს საქართველოს სხვადასხვა რეგიონში მხარდამჭერთა აქციის ორგანიზებას, რის უზრუნველსაყოფადაც მოხდა ასეულობით სხვადასხვა ტიპის სატრანსპორტო საშუალების გამოყენება.
ადმინისტრაციული წარმოების პროცესში დადგინდა, რომ "ნაციონალურმა მოძრაობამ" 2012 წლის სექტემბერში საქართველოს სხვადახვა რეგიონიდან ამომრჩევლებთან შეხვედრების ორგანიზებისათვის, 126. 900 ლარის საწვავი გამოიყენა, რომლის დეკლარირებაც კანონით დადგენილი წესით არ განუხორციელებია, რაც პარტიის მიერ მიღებულ უკანონო შემოწირულებას წარმოადგენს.
"პარტიამ არაფულადი შემოწირულების სახით მიიღო საწვავი, რომლის არც მიღების და არც განხორციელებისას არ მომხდარა ორგანული კანონით დადგენილი რეგულაციების დაცვა. შესაბამისად, 126. 900 ლარი სახელმწიფო აუდიტის სამსახურის მიერ მიჩნეულია უკანონო შემოწირულებად", - აღნიშნულია აუდიტის სამსახურის მიერ გავრცელებულ განცხადებაში.
ამასთან, განცხადების მიხედვით, ადმინისტრაციული წარმოების პროცესში მოწმეთა ინფორმაციის საფუძველზე გამოიკვეთა, რომ სამეგრელო-ზემო სვანეთის ყოფილმა გუბერნატორმა ზაზა გოროზიამ, ზუგდიდის გამგებლის, ალექსანდრე ქობალიას მეშვეობით, ზუგდიდში გასამართი აქციის ორგანიზებისათვის 40.000 ლარი გაიღო, რომლის დეკლარირებაც პოლიტიკურ გაერთიანება "ერთიან ნაციონალურ მოძრაობას" არ განუხორციელებია.
"შესაბამისად, ამ შემთხვევაშიც, როგორც შემოწირულების მიღების, ასევე მისი განხორციელებისას, დაირღვა ორგანული კანონის მოთხოვნები. ფაქტობრივი გარემოებების დაზუსტებისა და გადამოწმების მიზნით, ზაზა გოროზიას მოწმის სახით გამოკითხვა ვერ მოხერხდა, რადგან საქართველოს შს სამინისტროდან ოფიციალურად მოპოვებული ინფორმაციით, მას გადაკვეთილი აქვს საქართველოს სახელმწიფოს საზღვარი", - აღნიშნულია განცხადებაში.
მონიტორინგის სამსახურმა შეისწავლა ასევე 2012 წლის 23 სექტემბერს, ქ. ზუგდიდში, "ერთიანი ნაციონალური მოძრაობის" მხარდამჭერთა აქციის ორგანიზებისათვის, თბილისის მერის მოადგილის, დავით ალავიძის მიერ შპს "თბილისის მიკროავტობუსისათვის" საკუთარი პირადი სახსრებიდან ერთი დღით 120. 000 ლარის გადაცემის კანონიერება.
"საქმეზე გამოკითხულ მოწმეთა ჩვენებებით დასტურდება, რომ თანხის გადაცემა სატრანსპორტო კომპანიისთვის მოხდა ერთი დღით იმ მიზნით, რომ კომპანიას მოესწრო აღებული ვალდებულების შესრულება. დავით ალავიძის მიერ თანხის გადაცემიდან მეორე დღეს, პოლიტიკური გაერთიანება "ერთიანი ნაციონალური მოძრაობის" წარმომადგენლის მიერ, ზუგდიდში დაგეგმილი აქციის სატრანსპორტო მომსახურებისათვის საჭირო თანხა გადაეცა შპს "თბილისის მიკროავტობუსს", რომლის წარმომადგენლებმაც, თავის მხრივ, ფულადი თანხა იმავე დღეს დავით ალავიძეს დაუბრუნეს. ზემოაღნიშნულ ეპიზოდში მონიტორინგის სამსახურის ინტერესს წარმოადგენს ის ფაქტი, რომ პოლიტიკურმა სუბიექტმა "ერთიანი ნაციონალური მოძრაობა - მეტი სარგებელი ხალხს" სატრანსპორტო მომსახურებისათვის გადახდილი 120.000 ლარი არ დაადეკლარირა ორგანული კანონის შესაბამისად", - აცხადებს აუდიტის სამსახური.
მაკონტროლებელი უწყების განცხადებითვე, ამასთან, ადმინისტრაციული წარმოების პროცესში მოწმეთა ჩვენებებით გამოიკვეთა "ერთიანი ნაციონალური მოძრაობის" მიერ მომსახურების ასანაზღაურებლად 555.000 ლარის ოდენობის არადეკლარირებული ფულადი თანხის გამოყენების ფაქტი.
"სახელმწიფო აუდიტის სამსახურმა "ერთიანი ნაციონალური მოძრაობის" მიერ უკანონო შემოწირულების მიღების და მის სასარგებლოდ უკანონო შემოწირულების განხორციელების ფაქტები დაადგინა, თუმცა, მოკლებულია შესაძლებლობას, მოახდინოს სამართლებრივი რეაგირება, რადგან საქართველოს პარლამენტის მიერ 2012 წლის 19 დეკემბერს მიღებულია ამნისტიის აქტი "ადმინისტრაციული სახდელისაგან გათავისუფლების შესახებ", რომელიც როგორც ძირითადი, ისე დამატებითი სასჯელისაგან ათავისუფლებს იმ პირებს, ვისაც "მოქალაქეთა პოლიტიკური გაერთიანებების შესახებ" საქართველოს ორგანული კანონით გათვალისწინებული სახდელი დაეკისრათ, ან შეიძლება დაეკისროთ 2012 წლის 1-ელ ოქტომბრამდე განხორციელებული ქმედებისათვის", - აცხადებს აუდიტის სამსახური.
უწყების განმარტებით, სახელმწიფო აუდიტის სამსახურში საქართველოს მთავარი პროკურატურიდან გადმოგზავნილი მასალები შეეხება 2012 წლის სექტემბერში განხორციელებულ ქმედებებს. შესაბამისად, სახელმწიფო აუდიტის სამსახურის მიერ გამოვლენილი ყველა სამართალდარღვევა ჩადენილია 2012 წლის 1-ელ ოქტომბრამდე და მათზე ვრცელდება საქართველოს პარლამენტის მიერ 2012 წლის 19 დეკემბერს მიღებული ამნისტიის აქტი "ადმინისტრაციული სახელისაგან გათავისუფლების შესახებ"