საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაცია „საია“ საქართველოს მთავრობის სარეზერვო ფონდიდან 2010-2012 წლებში თანხების ხარჯვის თაობაზე განცხადებას ავრცელებს.
საია-ს ინფორმაციით, საქართველოს პრეზიდენტისა და საქართველოს მთავრობის სარეზერვო ფონდებიდან თანხების ხარჯვა ერთ-ერთ ყველაზე გაუმჭვირვალე სფეროს წარმოადგენდა.
„ხშირ შემთხვევაში, აღნიშნული ფონდებიდან თანხების ხარჯვის შესახებ ინფორმაციის მოპოვება, მხოლოდ ხანგრძლივი სასამართლო დავების შედეგად ხდებოდა ხელმისაწვდომი. თუმცა, უმრავლეს შემთხვევაში მოწოდებული ინფორმაცია არ იყო სრულყოფილი“, - ნათქვამია საია- ს განცხადებაში.
ორგანიზაციის შეფასებით, სარეზერვო ფონდებიდან თანხების ხარჯვა დღემდე რჩება საზოგადოების ყურადღების ქვეშ. საია-ს ინფორმაციით, საკითხის შესწავლისა და ანალიზის შედეგად ირკვევა, რომ 2010-2012 წლებში, საქართველოს მთავრობის სარეზერვო ფონდიდან თანხების ხარჯვა არაერთი მიმართულებით ხდებოდა. მსგავსად საქართველოს პრეზიდენტის სარეზერვო ფონდიდან თანხების ხარჯვისა, საქართველოს მთავრობის სარეზერვო ფონდიდანაც ფინანსდებოდა ისეთი ტიპის ხარჯები, როგორიცაა: მივლინებები, კონცერტები, საახალწლო ღონისძიებები და სარეკლამო რგოლების მომზადება, სხვადასხვა სპორტულ ღონისძიებებზე გულშემატკივართა ჯგუფების გამგზავრება. ასევე, სახელმწიფოს წილობრივი მონაწილეობით შექმნილი შპს-ების კაპიტალის გაზრდა და რეიტინგულ უცხოურ გამოცემებში საქართველოს მთავრობის შესახებ სტატიების დაბეჭდვა.
„მაგალითად, 2010 წელს ერთი განკარგულებით, საქართველოს საზაფხულო კურორტების შესახებ სარეკლამო რგოლების მსოფლიოს სხვადასხვა ტელეარხებზე განთავსების მიზნით 3 მილიონ ლარზე მეტი გამოიყო. საყურადღებოა ასევე, 2011 წელს MTV Georgia Live-ის ერთი კონცერტისთვის გამოყოფილი თანხის ოდენობაც, რომელიც ჯამში მილიონ ცხრაასი ათას ლარს აჭარბებს. ხოლო 2012 წელს ლონდონის ზაფხულის ოლიმპიურ თამაშებზე გულშემატკივართა ჯგუფის გამგზავრებისა და დასწრების ხარჯების შემთხვევაში - 650 000 ლარს“,- ნათქვამია საია-ს განცხადებაში.
ამასთან, საია-ს ცნობით, როგორც საქართველოს მთავრობის სარეზერვო ფონდიდან 2010-2012 წლებში გამოყოფილი თანხების შესწავლის შედეგად ხდება ცნობილი, საქართველოს მთავრობის სარეზერვო ფონდიდან 2010-2012 წლებში, 3 მილიონი ლარით დაფინანსდა ააიპ - სამოქალაქო ინსტიტუციონალიზმის განვითარების ფონდი.
საია-ს მოსაზრებით, განსაკუთრებულ ყურადღებას იმსახურებს სსიპ „საზოგადოებრივი მაუწყებლისთვის“ 2010-2011 წლებში გამოყოფილი თანხების ოდენობა, რომელიც ჯამში 22 მილიონ ლარზე მეტია. მათ შორის, მარტო ერთი განკარგულებით გამოიყო 13 მილიონი ლარი.
„აღნიშნული ხარჯების მნიშვნელოვანი ნაწილი კი „საზოგადოებრივი მაუწყებლის“ მესამე არხის (ПИК) დაფინანსების მიზნით იყო მიმართული. გვსურს საზოგადოებას შევახსენოთ, რომ მიუხედავად მასშტაბური დაფინანსებისა „საზოგადოებრივი მაუწყებლის“ მესამე არხმა, 2012 წლის ოქტომბრის თვიდან მაუწყებლობა შეწყვიტა“, - ნათქვამია საია-ს განცხადებაში.
საია კიდევ ერთხელ აღნიშნავს, რომ არსებული საკანონმდებლო რეგულირება საქართველოს მთავრობის სარეზერვო ფონდიდან (ისევე როგორც საქართველოს პრეზიდენტის სარეზერვო ფონდიდან) თანხების ხარჯვასთან დაკავშირებით რაიმე სახის განსაკუთრებულ რეგულაციებს არ ითვალისწინებს და გადაწყვეტილების მიმღებ პირს, ფაქტობრივად, თანხების გამოყოფის თაობაზე სრულ თავისუფლებას ანიჭებს. თუმცა, სარეზერვო ფონდიდან თანხების ხარჯვის მიზანშეწონილობა, ორგანიზაციის შეფასებით, არაერთ კითხვას ბადებს. საია აცხადებს, რომ აღნიშნული გარემოება კი კიდევ ერთხელ მიუთითებს არსებული საკანონმდებლო ნორმის ცვლილების აუცილებლობაზე.
ამასთან, უახლოეს მომავალში საია საქართველოს მთავრობის 2010-2012 წლების სარეზერვო ფონდიდან თანხების ხარჯვის შესახებ უფრო ვრცელ ინფორმაციას გამოაქვეყნებს, მათ შორის, 2012 წლის საპარლამენტო არჩევნების შემდეგ გახარჯული თანხების შესახებ.