სამწუხაროა, რომ ევროსაბჭოშიც მოახერხეს სიცრუის შეტანა, - ასე ეხმაურება საქართველოს პრემიერ-მინისტრი ბიძინა ივანიშვილი ევროსაბჭოს საპარლამენტო ასამბლეის მიერ ევროპაში მედიის თავისუფლებასთან დაკავშირებით მიღებულ რეზოლუციაში საქართველოს საკითხზე დაფიქსირებულ კრიტიკულ ჩანაწერებს და აღნიშნულს უშუალოდ "ნაციონალურ მოძრაობას" უკავშირებს.
"სიცრუის გატანას ისინი ისევ ახერხებენ ნაწილობრივ და სამწუხაროა, რომ ევროსაბჭოშიც შეიტანეს ეს სირცუე. ჯერ კიდევ ახერხებენ ევროპელების და ამერიკელების მოტყუებას, მაგრამ ძალიან ცოტასი და ძალიან უმნიშვნელო საკითხებში. ესეც მალე დასრულდება", - განუცხადა დავოსში ვიზიტით მყოფმა ბიძინა ივანიშვილმა ჟურნალისტებს.
ევროსაბჭოს საპარლამენტო ასამბლეაში ევროპაში მედიის თავისუფლების შესახებ რეზოლუცია მიიღეს. რეზოლუცია ეხება მედიის თავისუფლებას ისეთ ქვეყნებში, როგორებიც არის: საბერძნეთი, უნგრეთი, იტალია, რუსეთი, სომხეთი, აზერბაიჯანი. რეზოლუციაში მოხსენებულია საქართველოც. კერძოდ, საქართველოს რეზოლუციაში ორი – 20-ე და 21-ე პუნქტები ეთმობა.
"20. ასამბლეა მწუხარებას გამოთქვამს, რომ ზოგიერთი წევრი სახელმწიფოს მთავრობამ თავიანთი ქვეყნის "საზოგადოებრივი მაუწყებლიდან" გაათავისუფლა ხელმძღვანელობა ხელისუფლების შეცვლის შემდეგ, მაუწყებელზე თავიანთი პოლიტიკური ორიენტაციის გატარების მიზნით. ამასთან, შემაშფოთებელია, რომ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა საქართველოს "საზოგადოებრივ მაუწყებელს" შესთავაზა თავის კუთვნილ "მეცხრე არხთან" გაერთიანება, რომლის მფლობელიც მისი მეუღლეა და შეცვალა საქართველოს კანონი "მაუწყებლობის შესახებ".
21. ასამბლეა შეშფოთებას გამოხატავს საქართველოს "საზოგადოებრივ მაუწყებელში" განხორციელებულ მოულოდნელი ფინანსური შემოწმების გამო, რომელსაც მაღალი თანამდებობის პირებისგან აგრესიული ხასიათის პოლიტიკური განცხადებები მოჰყვა, "მაუწყებლობის შესახებ" კანონში შესატანი სადავო ცვლილების პარალელურად. ამ ნაბიჯებს წინ უძღოდა პრემიერ-მინისტრ ბიძინა ივანიშვილის განცხადებები საქართველოს "საზოგადოებრივი მაუწყებლისა" და "მეცხრე არხის" გაერთიანების შესახებ, რომლის მფლობელიც მისი მეუღლეა, ასევე მფლობელების ცვლილებას საქართველოს კერძო მედიაში", - აღნიშნულია ევროსაბჭოს საპარლამენტო ასამბლეის რეზოლუციაში.