დავოსის მსოფლიო ეკონომიკური ფორუმის ფარგლებში, რუსეთის მიერ მოწყობილ ღონისძიებაზე, პრემიერ-მინისტრი ბიძინა ივანიშვილი ამაყად ყვებოდა, რომ მსოფლიო რეიტინგებში, საქართველოს მე-9 ადგილი, როდესაც რუსეთის 139-ე ადგილზეა, ტყუილი და სააკაშვილის მიერ ხელოვნურად მოგონილია.
ამის შესახებ საგანგებო განცხადების გაკეთებისას საქართველოს პრეზიდენტმა, მიხეილ სააკაშვილმა განაცხადა.
მისი თქმით, პრემიერი დიდი ღიმილით და ძალიან ბედნიერად ამბობს, რომ მსოფლიოს ინვესტორებს შეატყობინა სიმართლე და „აცნობა, როგორ მოვატყუეთ მსოფლიო თურმე, რომ საქართველოში კარგია ინვესტიციების ჩადება“.
„თურმე იმას, რომ საქართველოს ეკონომიკა უნდა განვითარდეს, სამუშაო ადგილები უნდა შეიქმნას, ხალხს ხელი უნდა გავუმართოთ, რომ ფული უნდა შემოვიდეს, ტურიზმი უნდა განვითარდეს, მშენებლობა უნდა იყოს, ახალი ობიექტები უნდა გაჩნდეს, საფუძველი არ ჰქონია. ქვეყნის მთავრობის ლიდერი უნდა დადიოდეს უცხოეთში და ამას ჰყვებოდეს? ეს უნდა იყოს გზავნილი მსოფლიო ინვესტორებისადმი, რომ ეს ყველაფერი ბლეფია და დასკვნა უნდა გაკეთდეს, რომ ამ ქვეყანაში ფულის ჩადებას აზრი არ აქვს? ეს დასკვნა იქნება, ბუნებრივია, როცა ასე ესაუბრები მსოფლიო ინვესტორებს. ალბათ, მე უკვე აღარაფერი მესმის ამქვეყნად“, - განაცხადა პრეზიდენტმა.
ქვეყნის პირველი პირის შეფასებით, წლების განმავლობაში, ის ცდილობდა, რომ საქართველო მიმზიდველი გამხდარიყო.
„საპირისპიროს წარმოჩენაზე კი მუდამ რუსეთი მუშაობდა. ჩვენი მტრის ინტერესი იყო, ეჩვენებინათ, რომ საქართველო არის არასტაბილური ქვეყანა, რომელიც მხოლოდ პიარზე და ტყუილზეა აგებული. ახლა საქართველოს პრემიერ-მინისტრი ამბობს იმავეს, რასაც ჩვენი არაკეთილმოსურნე რუსეთი მთელი ეს წლები. ერთი-ერთზე ამბობს იმავეს და თანაც რუსეთის მიერ მოწყობილ ღონისძიებაზე. მინდა, ქართულმა საზოგადოებამ გამოიღვიძოს და ამაზე დასკვნები გააკეთოს. იმის მიუხედავად, რას გეუბნებით - მე ან მთავრობა, უკვე დროა, თქვენ, როგორც საზოგადოებამ, თქვენი შეფასებები გააკეთოთ, ვიდრე გვიან არ იქნება“, - მიმართა საზოგადოებას პრეზიდენტმა.