საკონსტიტუციო ცვლილებების საყოველთა-სახალხო განხილვის კომისიის სხდომები დღეს რუსთავსა და თელავში ჩატარდება.
საჯარო დისკუსიები „ნაციონალური მოძრაობის“ მონაწილეობის გარეშე წარიმართება, რადგან უმცირესობამ გუშინ კომისიის დატოვების შესახებ ოფიციალურად განაცხადა.
უმცირესობის შეფასებით, ისინი კომისიის მუშაობაში მონაწილეობას აღარ მიიღებენ, რადგან სხდომებზე საკითხების განხილვის ნაცვლად, „ნაციონალური მოძრაობის“ გაკიცხვა ხდება.
შეგახსენებთ, რომ საკონსტიტუციო ცვლილებების საყოველთაო–სახალხო განხილვა NDI-ს მიერ ორგანიზებულია. ცვლილებების განხილვა კი, რეგიონებში ხმაურის ფონზე მიმდინარეობდა. ზუგდიდში უმცირესობას კვერცხები დაუშინეს, ოზურგეთსა და გორში კი, სხდომა ხმაურის ფონზე წარიმართა.
პარლამენტში ინიცირებულია ორი საკონსტიტუციო ცვლილება, რომლის მიხედვითაც, ერთის მხრივ, პარლამენტის ადგილსამყოფელი უქმდება და მეორეს მხრივ, უქმდება პრეზიდენტის უფლებამოსილება, რომელიც მას შესაძლებლობას აძლევდა მთავრობა გადაეყენებინა პარლამენტის ნების საწინააღმდეგოდ, ხოლო შემდეგ განუსაზღვრელი ვადით შეინარჩუნოს მის მიერ დამტკიცებული მინისტრთა კაბინეტი. ამავე საკონსტიტუციო ცვლილებების ფარგლებში პრეზიდენტს შესაძლებლობა ეძლევა დაითხოვოს პარლამენტი და დანიშნოს რიგგარეშე არჩევნები ნებისმიერ დროს, მათ შორის საპარლამენტო არჩევნების ჩატარებიდან ექვსი თვისა და პრეზიდენტის უფლებამოსილების ვადის ბოლო ექვსი თვის განმავლობაში.