გლდანის მაჟორიტარი დეპუტატი სოსო ჯაჭვლიანი მზად არის გლდანის ავტოპარკში ყვითელი მიკროავტობუსების გაფიცულ მძღოლებს შეხვდეს.
როგორც for.ge-ს ჯაჭვლიანმა განუცხადა, ამ წუთებში, ის შეხვედრაზე იმყოფება, რის შემდეგადაც, მძღოლებს შეხვდება.
„თუ დამირეკავენ, მივალ. რატომ, არ უნდა შევხვდე? მათ მოთხოვნებს გავეცნობი, რომელიც კანონის ფარგლებში თუ ჩაჯდება, მათ დახმარებას შევეცდები. წინააღმდეგ შემთხვევაში, ფარაონი კი არ ვარ, ჩვეულებრივი დეპუტატი ვარ“, - დასძინა ჯაჭვლიანმა, რომელმაც მძღოლების გაფიცვის შესახებ ინფორმაცია for.ge-სგან შეიტყო.
შეგახსენებთ, რომ გაფიცული მძღოლები სოსო ჯაჭვლიანს მოუწოდებენ ადგილზე მივიდეს და მათ პრობლემებს გაეცნოს.
გაფიცული მძღოლები რამდენიმე მოთხოვნის დაკმაყოფილებას ითხოვენ. კერძოდ, მძღოლები მოითხოვენ - დღიური გეგმის, სამუშაო საათების შემცირებას და ანაზღაურების მომატებას.
ასევე, მძღოლები ბუღალტრის გადასახადის გაუქმებას, ინდმეწარმის სტატუსისა და ინდმეწარმის გადასახადის გაუქმებას ითხოვენ, რაც თვეში 43 ლარს შეადგენს.