ადვოკატი მალხაზ ველიჯანაშვილი ციხის სკანდალური კადრების ავტორის, ვლადიმერ ბედუკაძის წინააღმდეგ მასალებს გამოაქვეყნებს.
ორგანიზაცია "თავისუფლებისა და მხარდაჭერის ცენტრში" ველიჯანაშვილი 13:30 საათზე პრესკონფერენციას გამართავს და პატიმართა წამების საქმეზე დაკავებული ერთ-ერთი პირის ჩვენებას გამოაქვეყნებს, რომელიც ადვოკატის თქმით, ბედუკაძეს დანაშაულში ამხელს.
როგორც ველიჯანაშვილმა "ინტერპრესნიუსს" განუცხადა, აღნიშნული პირი აცხადებს, რომ ვლადიმერ ბედუკაძე პირადი ინტერესებიდან გამომდინარე აწამებდა პატიმარს. ადვოკატის ინფორმაციით, ჩვენებაში ასევე ჩანს, რომ ბედუკაძე კადრების სანაცვლოდ თანამდებობას ითხოვდა.
"ამ პირმა სხვებიც ამხილა, რის სანაცვლოდაც მისი დევნა შეწყდა. მის მიერ მხილებულთა შორის არის სასჯელაღსრულების დეპარტამენტის ყოფილი უფროსი დავით ჭაკუა", - განაცხადა ველიჯანაშვილმა.