საპარლამენტო ფრაქცია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარე ბიზნესმენებისთვის ჩამორთმეული ქონების დაბრუნებაზე განმარტებებს რადიო კომერსანტთან აკეთებს. შეგახსენებთ: ბიზნესმენების ნაწილი აცხადებს, რომ ძიების პროცესის პარალელურად ჩამორთმეული ქონების გადაყიდვა მიმდინარეობს.
ფრაქცია ,,ქართული ოცნების’’ თავმჯდომარე ზაქარია ქუცნაშვილი აცხადებს, რომ ბიზნესმენებისათვის ჩამორთმეული ქონების დაბრუნება კანონიერი გზით უნდა განხორციელდეს. მისი თქმით, საუბარია, ერთის მხრივ გარიგებების ბათილად ცნობაზე და საქმის მედიატორის გზით გადაწყვეტაზე, ხოლო მეორე მხრივ სასამართლოში სარჩელის აღძვრაზე ან კიდევ პროკურატურაში განაცხადის შეტანაზე.
ქუცნაშვილის განცხადებით, ქონების გადაყიდვის თავიდან ასაცილებლად და ასევე იმისათვის, რომ ქონების ახალი მფლობელები არაკეთილსინდისიერ მყიდველებად არ ჩაითვალონ, საჭიროა ბიზნესმენებმა ხმამაღლა განაცხადონ და გაასაჯაროვონ ინფორმაცია დავების შესახებ.