მცხეთა-მთიანეთის ყოფილი გუბერნატორი ცეზარ ჩოჩელი თავს დამნაშავედ არ მიიჩნევს, - ამის შესახებ ჟურნალისტებს გუშინ, ჩოჩელთან შეხვედრის შემდეგ მისმა ადვოკატმა მამუკა ჭაბაშვილმა განუცადა.
მისივე ინფორმაციით, ცეზარ ჩოჩელი ვინმე შაქარაშვილთან ურთიერთობის საკითხზე მოწმის სტატუსით დაიკითხა. "ამაზე ინფორმაცია თავად ცეზარ ჩოჩელმა მომაწოდა. რაც შეეხება დაკავების მიზეზებს, დაკავების ოქმის თანახმად, დაკავების საფუძველი გახდა სამეწარმეო საქმიანობაში უკანონო მონაწილეობა და უკანონო შემოსავლის ლეგალიზაცია. რაში გამოიხატება კონკრეტულად ეს და რა ფაქტობრივი გარემოებები აქვს გამოძიებას, ამას ალბათ იმ შემთხვევაში გავიგებთ, როდესაც ბრალის წაყენება მოხდება", - აღნიშნა მამუკა ჭაბაშვილმა.
ადვოკატის განცხადებით, გამოძიებას ბრალის წარსადგენად 48 საათიანი ვადა აქვს, რის შემდეგაც დაცვის მხარეს საქმის მასალები უნდა გადაეცეს.
მცხეთა-მთიანეთის ყოფილი გუბერნატორი ცეზარ ჩოჩელი ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურმა გუშინ დაკითხვის შემდეგ დააკავა. ცეზარ ჩოჩელს გამოძიება სამეწარმეო საქმიანობაში უკანონო მონაწილეობასა და უკანონო შემოსავლის ლეგალიზაციაში ადანაშაულებს.
ამასთან, წუხელ ცეზარ ჩოჩელის სახლში ჩხრეკა ჩატარდა.