პარლამენტის საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის თავმჯდომარის, თედო ჯაფარიძის ინფორმაციით, საქართველოსა და რუსეთის წარმომადგენლები ევროსაბჭოს საპარლამენტო ასამბლეის საგაზაფხულო სესიაზე - აპრილში შეხვდებიან.
როგორც ჟურნალისტებს სტრასბურგში ვიზიტად მყოფმა ჯაფარიძემ განუცხადა, ამ საკითხზე შეთანხმება ევროსაბჭოში რუსეთის დელეგაციის ხელმძღვანელ ალექსეი პუშკოვთან შეხვედრაზე შედგა.
„შეხვედრა აპრილში გაიმართება, მანამდე კი ორივე ქვეყანაში სპეციალური საპარლამენტო ჯგუფები შეიკრიბებიან. ასეთი პატარა ნაბიჯები დაგვეხმარება დადებითი ფონის შექმნაში. დროთა განმავლობაში კი, რთულ საკითხებამდეც მივალთ“, - დასძინა დეპუტატმა.
შეგახსენებთ, რომ თედო ჯაფარიძისა და ალექსეი პუშკოვის პირისპირ შეხვედრა ევროსაბჭოს საპარლამენტო ასამბლეის ზამთრის სესიის ფარგლებში სტრასბურგში დღეს გაიმართა.