არასამთავრობო ორგანიზაციათ ჯგუფი: საქართველოს რეფორმების ასოციაცია (GRASS) თბილისის პოლიტიკის ანალიზის ცენტრი, საქართველოს სტრატეგიული კვლევების ინსტიტუტი, გეოპოლიტიკური კვლევების საერთაშორისო ცენტრი, კოალიცია ევროპული საქართველოსთვის პრესის საერთაშორისო ინსტიტუტი განცხადებას ავრცელებს, რომელსაც for.ge უცვლელად გთავაზობთ:
„გამოვხატავთ შეშფოთებას საქართველოს პრემიერ-მინისტრისა და მთავრობის მხრიდან ბოლო დროს გადადგმულ იმ ნაბიჯებთან დაკავშირებით, რომლებიც საგარეო პოლიტიკური კურსის შესაძლო ცვლილებაზე მიუთითებს.
სომხეთში ვიზიტის დროს პრემიერ-მინისტრის მიერ გაკეთებული განცხადებები რუსეთთან სარკინიგზო მიმოსვლის უპირობო აღდგენისა და საგარეო პოლიტიკური პრიორიტეტების შესაძლო ცვლილების შესახებ, ასევე პრემიერ-მინისტრის მიერ სომხეთის საგარეო პოლიტიკური კურსის „სამაგალითოდ“ და „შესაშურად“ მოხსენიება აჩენს მნიშვნელოვან კითხვას - რამდენად მდგრადია მთავრობის ევროატლანტიკური ინტეგრაციის კურსი?
საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილის მოტივირებული გადადგომა და პრემიერ-მინისტრის მიერ თავდაცვის მინისტრისათვის ვიცე-პრემიერის სტატუსის ჩამორთმევა ასევე საგანგაშო სიგნალებია.
ვფიქრობთ, საჭიროა სასწრაფო და მკაფიო განმარტება მთავრობის მხრიდან.
მოვითხოვთ შედგეს მთავრობის საგარეო პოლიტიკური გუნდის შეხვედრა არასამთავრობო ორგანიზაციათა წარმომადგენლებთან, რათა საზოგადოებისთვის გასაგები იყოს ქვეყნის განვითარებისა და საგარეო პოლიტიკური კურსის მიმართულება“,- ნათქვამია არასამთავრობო ორგანიზაციათ ჯგუფის მიერ გავრცელებულ განცხადებაში.