რუსთაველის თეატრის ყოფილი მმართველის ზაალ ჩიქობავას განცხადებით, რუსთაველის თეატრიდან მისი გაშვება პოლიტიკური გადაწყვეტილება იყო. ამის შესახებ
ჩიქობავამ დღეს ,,პრაიმ-ტაიმის” პრესკლუბში გამართულ პრესკონფერენციაზე ისაუბრა. მისი თქმით, მასზე ზეწოლა ხორციელდებოდა.
"სამწუხაროდ თუ საბედნიეროდ, ასე მოხდა. დღეს ორ ბრძანებას მოეწერა ხელი, ჩემი და დავით საყვარელიძის გათავისუფლებას. დავიწყებ იქიდან, რომ არჩევნების შემდეგ ოქტომბერშივე დაიწყო არასასიამოვნო საუბარი და გამოთქმები ჩვენს მიმართ. მინისტრი ამბობს, რომ ჩვენ ვერტიკალური გადაწყვეტილება არ მივიღეთ, მაგრამ არ ამბობს, რომ ჩვენზე იყო ზეწოლა, რომ თანამდებობები დაგვეტოვებინა. ისინი სხვა გზას ვერ ხედავდნენ, რომ ეს პრობლემა გადაწყვეტილიყო. ალბათ, როცა ასე შეთანხმებულად მოქმედებენ სამინისტრო და თეატრის სამხატვრო ხელმძღვანელი, მაშინ უკვე მე სხვანაირად ვერ მოვიქცეოდი და მივიღე გადაწყვეტილება, დამეწერა განცხადება. ამ ექვსი წლის განმავლობაში არ ყოფილა პერიოდი, რომ თეატრში არ ყოფილიყო რეპეტიცია, ბოლო ოთხი თვეა, თეატრში ახალი სპექტაკლი არ დადგმულა. ბოლოს სამხატვრო ხელმძღვანელმა მიიღო გადაწყვეტილება, რომ დასისთვის სამი თვით გაეფორებინა ხელშეკრულებები. მე ამას ხელს ვერ მოვაწერდი, რადგან იქ ისეთ მსახიობებზე იყო საუბარი, უბრალოდ არ შემეძლო. მე იმედი მაქვს, რომ ის თაობა, რომელიც თავის დროზე არ შეუშინდა ასეთ მონოპოლიებს, ისევ გავაგრძელებთ ბრძოლას და საყვარელ საქმეს ბოლომდე გავაკეთებთ", - განაცხადა ჩიქობავამ.