სამომხმარებლო კალათა სამომხმარებლო ფასების ინდექსის (ქვეყანაში არსებული ინფლაციის დონის) გასაანგარიშებლად გამოიყენება. ბოლოს იგი გასულ წელს განაახლეს.
სტატისტიკის სამსახურში აცხადებენ, რომ 2013 წლის სამომხმარებლო კალათა კვლავ 288 დასახელების სამომხმარებლო საქონელსა და მომსახურებას მოიცავს, თუმცა შეცვლილია მასში შემავალი საქონლისა და მომსახურების წონები.
სამსახურის განმარტებით, 2013 წლის განახლებული სამომხმარებლო კალათა ეფუძნება ეროვნულ ანგარიშთა სისტემით განსაზღვრულ მოხმარების სტრუქტურას. ეროვნული ანგარიშებიდან მიღებული წონების გამოყენება სამომხმარებლო კალათის ფორმირების პროცესში ერთ-ერთ არსებით რეკომენდაციას წარმოადგენს, რომელსაც ევროსტატი ევროკავშირის წევრ ქვეყნებს სთავაზობს.
განახლებული სამომხმარებლო კალათა მოსახლეობის დანახარჯების უახლეს სტრუქტურას ასახავს. მისი გაცნობა სტატისტიკის სამსახურის ვებგვერდზეა შესაძლებელი.