შესაძლოა, საპარლამენტო უმცირესობამ საკონსტიტუციო ცვლილებების პროექტების საყოველთაო სახალხო განხილვის კომისია დატოვოს.
ამის შესახებ დღეს გამართულ პრეკონფერენციაზე, უმცირესობის ერთ-ერთმა ლიდერმა, გოკა გაბაშვილმა განაცხადა.
მისი თქმით, იმ შემთხვევაში თუ დღეს გორში, ზუგდიდისა და ოზურგეთის მსგავსი ინციდენტები განმეორდება, კომისიას „ნაციონალური მოძრაობა“ დატოვებს.
„კომისიის სხდომებზე ადგილი უნდა ჰქონდეს ინიცირებულ პროექტებზე მსჯელობას, დისკუსიას, აზრთა გაცვლა-გამოცვლას და ნორმალურ ვითარებაში ოპონირებას, თუმცა შეხვედრის ადგილებზე მობილიზებული პარტიული აქტივის გამო, ამ ფორმატში მუშაობა შეუძლებელია. „ქართულ ოცნებას“ კომისიის სხდომების ადგილას პარტიის მხარდამჭერები მუშაობის ჩაშლის მიზნით მიჰყავს. თუ მმართველ პარტიას არ აქვს შნო იმისა, რომ კომისიის სხდომები ჩაატაროს, მაშინ კომისიაში მონაწილეობის მიღებას არავითარი აზრი არ გააჩნია“, - აცხადებს დეპუტატი.