ქუთაისში დავითისა და კონსტანტინეს ქუჩის ნომერ 26-ში საცხოვრებელი სახლის საყრდენი კედელი ჩამოინგრა.
როგორც for.ge-ს კორესპოდენტი ქუთაისიდან იტყობინება, საცხოვრებელი სახლი ავარიულ მდგომარეობაში იყო, რომლის საყრდენი კედელიც დღეს ჩამოინგრა. ინციდენტის შედეგად არავინ დაშავებულა.
ინციდენტის ადგილზე ქუთაისის მერიის წარმომადგენლები მივიდნენ, რომელთა განცხადებით, სავარაუდოდ, დაზარალებულ ოჯახს ბინით დააკმაყოფილებენ.
დაზარალებულთა განცხადებით, სახლის საყრდენი კედელის გამაგრების მიზნით, მერიის სამსახურს ხშირად მიმართავდნენ, მაგრამ მათგან არანაირი რეაგირება არ ყოფილა.
ქუთაისში დავითისა და კონსტანტინეს ქუჩა ჯაჭვის ხიდის მიმდებარე ტერიტორიაზეა, სადაც ძირითადად ავარიული სახლებია განთავსებული. ამ მხრივ, განსაკუთრებით მძიმე ვითარებაში ის სახლებია, რომელიც უშუალოდ რიონის პირს ესაზღვრება.