თერჯოლის მაჟორიტარი დეპუტატი, კახა ბუცხრიკიძე მიიჩნევს, რომ მასზე ზეწოლა ხორციელდება, რის გამოც, მთავარ პროკურატურაში დაკითხვაზე არ გამოცხადდება.
როგორც for.ge-ს ბუცხრიკიძემ განუცხადა, მისი დაკითხვაზე დაბარება თავდაცვის სამინისტროში საქმიანობის პერიოდს უკავშირდება.
დეპუტატის ინფორმაციით, მთავარ პროკურატურაში სავარაუდოდ, „სენაკის ფაქტზე იბარებენ“.
„პროკურატურიდან უწყება თერჯოლაში, ჩემი მშობლების სახლში მომივიდა, მაგრამ ვინაიდან, რაიონში არ ვიმყოფებოდი, უწყება არ ჩაიბარეს. ამის შემდეგ პროკურატურიდან დამირეკეს და მითხრეს, რომ მოწმის სტატუსით ვარ დაბარებული, სადაც არ გამოვცხადდები. მზად ვარ, სასამართლოში გამოვცხადდე და ჩვენება მივცე“, - აცხადებს კანონმდებელი.
რაც შეეხება იმ საკითხს, ბუცხრიკიძეს ციხის სკანდალურ კადრებთან დაკავშირებითაც ხომ არ დაკითხავენ, დეპუტატი ამბობს, რომ ციხის კადრებში მისი მონაწილეობა არ დადასტურდა და ახლა სხვა მიზეზებს ეძებენ.
„ჩემზე ზეწოლა ხორციელდება“, - დასძენს დეპუტატი, რომელიც ამჟამად, საკონსტიტუციო ცვლილებების განხილვის კომისიის სხდომებში მონაწილეობს.
შეგახსენებთ, რომ დეპუტატობამდე, კახა ბუცხრიკიძე თავდაცვის სამინისტროში გენერალურ ინსპექციას ხელმძღვანელობდა და ასევე ყოფილი მინისტრის ბაჩო ახალაიას მოადგილეც იყო. რაც შეეხება ციხის სკანდალურ კადრებს, სადაც პატიმრების წამებისა და გაუპატიურების ფაქტებია ასახული, უმრავლესობის წევრი კობა დავითაშვილი აცხადებდა, რომ ამ კადრებში, დეპუტატი კახა ბუცხრიკიძე მონაწილეობდა. თავის მხრივ, ბუცხრიკიძემ ფაქტის დადგენის წინადადებით გამოვიდა, წინააღმდეგ შემთხვევაში, თუ მისი მონაწილეობა არ დადასტურდებოდა, დავითაშვილს სადეპუტატო მანდატზე უარის თქმა მოუწევდა.