საქართველოს პრეზიდენტის შეწყალების აქტით საპატიმრო დაწესებულება 100-მდე პატიმარმა დატოვა.
შეწყალების სახელმწიფო კომისიის ხელმძღვანელის, ელენე თევდორაძის ინფორმაციით, პრეზიდენტის შეწყალებით პატიმრები გუშინ გათავისუფლდნენ.
თევდორაძის თქმით, ამ პატიმართა საქმეებზე თავად კომისიას არ უმსჯელია და მათი შეწყალება საპატრიარქოს თხოვნით მოხდა.
ამასთან, პატიმართა შეწყალების სახელმწიფო კომისია სხდომის გამართვას 27 იანვრისთვის გეგმავს. თევდორაძის განცხადებით, 486 პატიმრის საქმეს უკვე გაეცნო, მაგრამ განსახილველად 114 მსჯავრდებულის საქმის გატანას აპირებს, რადგან დანარჩენი საქმეები მძიმე კატეგორიის დანაშაულში მსჯავრდებულ პირებს, ასევე ისეთ პატიმრებს ეხებათ, რომელთაც სასჯელის ნახევარი ჯერ არ მოუხდიათ.
საუბრისას თევდორაძემ ისიც აღნიშნა, რომ წარმოდგენილ საქმეთა შორის ბევრი ამნისტიაში ხვდება.