მსჯავრდებულთა და ბრალდებულთა მე-18 სამკურნალო დაწესებულებაში მყოფი ნიკოლოზ მირზაშვილი, რომელსაც ამნისტია შეეხო დღემდე, საქმის განხილვის მოლოდინშია.
მირზაშვილის ადვოკატის მამუკა ნოზაძის განცხადებით, მცხეთის სასამართლო საქმის განხილვას აჭიანურებს.
ნოზაძის თქმით, ნიკოლოზ მირზაშვილი უმძიმესი ფორმითაა დაავადებული - მას აქვს სიმსივნე, ტუბერკულოზი და ცეპეპატიტი .
ადვოკატის განცხადებით, მირზაშვილის საქმის განხილვა სტრასბურგის სასამართლომ უკვე დაასრულა და გადაწყვეტილების მოლოდინშია.
„მცხეთის სასამართლო მისი გათავისუფლების საკითხს, მიზანმიმართულად აჭიანურებს და არ იღებს გადაწყვეტილებას მის გათავისუფლებაზე.
მისმა დამ მაკა მირზაშვილმა ხუთშაბათს, მიმართა სასამართლოს და მოითხოვა მისი ძმის მძიმე ჯანმრთელობის, ასევე ოჯახური მდგომარეობის გათვალისწინება . თუმცა სასამართლოდან პასუხი არ მიუღია.
საქმეში გასარკვევად სასამართლოს კანცელარიის თანამშრომელს, ტელეფონით დავუკავშირდი, მან ტელეფონი გამითიშა“, -აცხადებს მამუკა ნოზაძე
აქვე დასძენს, რომ ამ საქმის შესახებ ინფორმაცია უზენაესი სასამართლოს პრესსამსახურისთვისაც ცნობილია თუმცა უშედეგოდ.
„სასამართლო იჩენს გულგრილობას. ხდება საქმეების შერჩევითობის პრინციპით განხილვა. ჯერ ათავისუფლებენ იმათ, ვინც მათთვის მისაღებია, ან გავლენიანი ახლობლები ჰყავთ, რომლებიც სასამართლოს წარმომადგენლებთან არიან დაკავშირებულნი“,-აცხადებს მამუკა ნოზაძე.