თავდაცვის მინისტრი ირაკლი ალასანია დარწმუნებულია, რომ კოალიციას საპრეზიდენტო არჩევნებში საერთო კანდიდატი ეყოლება და ეს კანდიდატი მოიპოვებს გამარჯვებას.
ამის შესახებ ირაკლი ალასანიამ ჟურნალისტებს ბოლნისში, სამხედრო აეროდრომზე განუცხადა. მისი თქმით, კოალიციას პრეზიდენტობის კანდიდატთან დაკავშირებით ექნება მსჯელობა, რასაც რამდენიმე თვე დასჭირდება.
რაც შეეხება ქვეყნის მოწყობის მოდელს, როგორც ირაკლი ალასანია აცხადებს, თავისუფალ დემოკრატებს ამ თემაზე ყოველთვის ჰქონდა გამოკვეთილი პოზიცია.
"ჩვენი პარტია კოალიციის წევრია, მაგრამ ყოველთვის ჰქონდა გამოკვეთილი პოზიცია, თუ რომელ მოდელს ვუჭერთ მხარს. გვექნება კონსულტაციები კოალიციაში და შევეცდებით, საერთო აზრით წარვდგეთ საზოგადოების წინაშე. ჩვენ პარტიას დასამალი არც არასდროს არაფერი ჰქონია და არც დაგვიმალავს აღნიშნულთან დაკავშირებით ჩვენი პოზიცია", - განაცხადა ალასანიამ.
ირაკლი ალასანიას განცხადებით, მთავრობის დეკლარირებული მყარი პოზიციაა - საქართველოს ადგილი არის ევროატლანტიკურ სივრცეში.
"ჩვენ მიზანმიმართულად ვდგამთ ნაბიჯებს ამ მიმართულებით, სხვა აზრი არც შეიძლება არსებობდეს", - აცხადებს ალასანია.