იუსტიციის მინისტრის თეა წულუკიანის განცხადებით, ირაკლი ალასანიას უნდოდა, მხოლოდ თავდაცვის მინისტრის ფუნქციები შეესრულებინა და ამაზე რამდენიმე ხანია იყო საუბარი. ამის შესახებ წულუკიანმა თავდაცვის მინისტრ ირაკლი ალასანიასთვის ვიცე-პრემიერის მოვალეობის შეწყვეტის კომენტირებისას ჟურნალისტებს განუცხადა.
"ეს არ არის გუშინ მომხდარი ამბავი. როგორც მე ვიცი, მასსა და პრემიერ-მინისტრს შორის შედგა შეთანხმება, რომ ის გათავისუფლებულიყო იმ დამატებითი ტვირთისგანაც, რასაც დღევანდელ ქვეყანაში ვიცე-პრემიერობა წარმოადგენს",-აცხადებს წულუკიანი.
საქართველოს თავდაცვის მინისტრ ირაკლი ალასანიას ვიცე-პრემიერის მოვალეობა შეუწყდა. პრემიერ-მინისტრ ბიძინა ივანიშვილის ბრძანება ალასანიასთვის საქართველოს ვიცე-პრემიერის მოვალეობის შესრულების შეწყვეტის შესახებ მთავრობის ოფიციალურ ვებგვერდზე განთავსდა.
"საქართველოს მთავრობის სტრუქტურის, უფლებამოსილებისა და საქმიანობის წესის შესახებ" საქართველოს კანონის მე-10 მუხლის შესაბამისად საქართველოს მთავრობის წევრს, ირაკლი ალასანიას შეუწყდეს საქართველოს ვიცე-პრემიერის მოვალეობის შესრულება", - ნათქვამია ბიძინა ივანიშვილის ბრძანებაში.