რეინტეგრაციის საკითხებში სახელმწიფო მინისტრი, პაატა ზაქარეიშვილი ჟენევის საერთაშორისო დისკუსიების თანათავმჯდომარეებს შეხვდა.
რეინტეგრაციის საკითხებში სახელმწიფო მინისტრის აპარატის ინფორმაციით, შეხვედრაში მონაწილეობდნენ სამხრეთ კავკასიასა და საქართველოში კრიზისის საკითხებში ევროკავშირის სპეციალური წარმომადგენელი, ფილიპ ლეფორი, გაერო-ს სპეციალური წარმომადგენელი ანტი ტურუნენი და ეუთო-ს სპეციალური წარმომადგენელი ანდრეი დეშიცა.
შეხვედრაში ასევე მონაწილეობდა რეინტეგრაციის საკითხებში სახელმწიფო მინისტრის მოადგილე, ქეთევან ციხელაშვილი.
შეხვედრაზე ჟენევის საერთაშორისო დისკუსიების მომდევნო რაუნდის დღის წესრიგის სავარაუდო თემებზე ისაუბრეს.
"ეს იყო კონსტრუქციული, სამუშაო შეხვედრა. თანათავმჯდომარეებს ჩვენი პოზიციები მკაფიოდ გავაცანით", - განაცხადა სახელმწიფო მინისტრმა პაატა ზაქარეიშვილმა.
მისივე განცხადებით, იმის მიუხედავად, რომ ჟენევის დისკუსიების 22-ე რაუნდზე ჰუმანიტარულ საკითხებზე მომუშავე ჯგუფში მონაწილეებს თბილისიდან წინადადებების წარდგენის საშუალება არ მიეცათ, ქართული მხარე იმედოვნებს, რომ მომდევნო რაუნდზე შესაძლებელი იქნება კონკრეტულ საკითხებზე საქმიან რეჟიმში მსჯელობა.
ჟენევის საერთაშორისო დისკუსიების მომდევნო რაუნდი 26-27 მარტისთვის არის დაგეგმილი.