სასჯელაღსრულების სამინისტროდან ორი თანამშრომელი გათავისუფლდა. როგორც სამინისტროს მიერ გავრცელებულ განცხადებაშია აღნიშნული, ჩატარებული სამსახურებრივი შემოწმებით
დადგინდა, რომ 2013 წლის 21 იანვარს, სამინისტროს სასჯელაღსრულების დეპარტამენტის უსაფრთხოების სამმართველოს ოპერატიული განყოფილების ინსპექტორი, იუსტიციის ლეიტენანტი ნ.კ. თანმხლებ პირებთან ერთად იმყოფებოდა რესტორან "ბაბილოში", სადაც შელაპარაკება მოუვიდა სუფრის წევრებთან. ინციდენტი გადაიზარდა სიტყვიერ და ფიზიკურ შეურაცხყოფაში. არაფხიზელ მდგომარეობაში მყოფმა ინსპექტორმა საქამრედან ამოიღო სამსახურეობრივი-საშტატო იარაღი და მიმართა ჩხუბში მონაწილე ერთ-ერთი პიროვნებისკენ. თუმცა, იქვე მყოფი პირების ჩარევით მოხერხდა ვითარების განმუხტვა.
"ამდენად, ოპერატიული განყოფილების ინსპექტორმა, იუსტიციის ლეიტენანტმა ნ.კ-მ ჩაიდინა "საჯარო სამსახურის შესახებ" საქართველოს კანონის 78-ე მუხლის, I პუნქტის, "გ"ქვეპუნქტით გათვალისწინებული დისციპლინური გადაცდომა, რაც გამოიხატა ოფიცრის მიერ დაწესებულების დისკრედიტაციისკენ მიმართულ უღირს საქციელში. ასევე უგულებელყო სასჯელაღსრულების, პრობაციისა და იურიდიული დახმარების საკითხთა მინისტრის #183 ბრძანებით დამტკიცებული ეთიკის კოდექსის მე-11 მუხლით გათვალისწინებული მოთხოვნები.
სასჯელაღსრულების, პრობაციისა და იურიდიული დახმარების საკითხთა სამინისტრომ მიზანშეწონილად მიიჩნია: სასჯელაღსრულების დეპარტამენტის უსაფრთხოების სამმართველოს ოპერატიული განყოფილების ინსპექტორის, იუსტიციის ლეიტენანტის ნ.კ-ს მიმართ, გამოყენებული იქნას კანონით გათვალისწინებული დისციპლინური პასუხისმგებლობის ზომა - "სისტემის ორგანოდან დათხოვნა", - აღნიშნულია სამინისტროს განცხადებაში.
კიდევ ერთი თანამშრომელი, რომელიც სამინისტროდან გათავისუფლდა, წვრილმანი ხულიგნობის თანამონაწილეა. 20 იანვარს, დაახლოებით 23:00 საათზე, ე. ჩ. იმყოფებოდა სავაჭრო ცენტრის "თბილისი ცენტრალი" ტერიტორიაზე მდებარე სლოტ-კლუბში "ევროპა-ბეთი", სადაც არაფხიზელ მდგომარეობაში სიტყვიერი შეურაცხყოფა მიაყენა კლუბის მომსახურე პერსონალს.
"ამდენად, ე. ჩ-მ ჩაიდინა "საჯარო სამსახურის შესახებ" საქართველოს კანონის 78-ე მუხლის, I პუნქტის, "გ" ქვეპუნქტით გათვალისწინებული დისციპლინური გადაცდომა, რაც გამოიხატა მის მიერ დაწესებულების დისკრედიტაციისკენ მიმართულ უღირს საქციელში. ასევე უგულებელყო სასჯელაღსრულების, პრობაციისა და იურიდიული დახმარების საკითხთა მინისტრის #183 ბრძანებით დამტკიცებული ეთიკის კოდექსის მე-11 მუხლით გათვალისწინებული მოთხოვნები.
სასჯელაღსრულების სამინისტრომ მიზანშეწონილად მიიჩნია: სასჯელაღსრულების დეპარტამენტის #8 დაწესებულების სამართლებრივი რეჟიმის განყოფილების ინსპექტორის, იუსტიციის რიგითის ე.ჩ-ს მიმართ გამოყენებული იქნას კანონით გათვალისწინებული დისციპლინური პასუხისმგებლობის ზომა - "სისტემის ორგანოდან დათხოვნა"", - აღნიშნულია სამინისტროს განცხადებაში.