რუსეთის დიპლომატია ყოველთვის ერთნაირი მეთოდებით მოქმედებს და ერთსა და იმავე ხაფანგში არ უნდა ვებმებოდეთ, - ამის შესახებ საქართველოს პრეზიდენტმა მიხეილ სააკაშვილმა ტელეკომპანია "რუსთავი 2"-თან ექსკლუზიურ ინტერვიუში განაცხადა.
მისივე თქმით, რუსეთის მოწოდება, ურთიერთობა საერთაშორისო საზოგადოების გარეშე მოგვარდეს, სიტუაციას ყოველთვის ართულებს.
"ასე მოაწერინეს ედუარდ შევარდნაძეს ხელი დამღუპველ სამშვიდობო ხელშეკრულებაზე. 1994 წელს აფხაზეთის სამშვიდობო ხელშეკრულებაზე ხელმოწერა რომ არა, აფხაზეთის სეპარატისტები როგორ შეინარჩუნებდნენ გულრიფშს, ოჩამჩირეს, გალს. ფიზიკურად არ არიან იმდენი, რომ იქ ხალხი დაეყენებინათ. ჩვენ ამ ტერიტორიაზე რუსები ჩვენივე ხელმოწერით ჩავაყენეთ, იმიტომ, რომ თვალი ჩაგვიკრეს და გვითხრეს - ჩავდგებით და მოვაგვარებთ. თავის დროზე ასევე "ვჭამეთ" გაგრისა და სოჭის ხელშეკრულება. როდესაც რუსები შემოდიან და ნეიტრალურ როლს თამაშობენ, ეს ყოველთვის ცუდად მთავრდება. ჩვენი ერთადერთი შანსია საერთაშორისო მექანიზმების შემოტანა, რაც საქართველოს ტერიტორიულ მთლიანობას დაიცავს, რადგან მსოფლიო თანამეგობრობა ამაში მხარს გვიჭერს. ისინი კეთილგანწყობილი არიან საქართველოსადმი და მეორეს მხრივ, მათთვის ეს პრინციპის საკითხია", - განაცხადა პრეზიდენტმა.