პრეზიდენტ სააკაშვილს იუსტიციის მინისტრის თეა წულუკიანის განცხადებამ ილია ჭავჭავაძე გაახსენა.
ასე გამოეხმაურა პრეზიდენტი "რუსთავი 2"-თან ინტერვიუში, იუსტიციის მინისტრის თეა წულუკიანის განცხადებას იმის თაობაზე, რომ "მიხეილ სააკაშვილი არის ერთადერთი ქართველი, რომელიც მაშასადამე, ევროპელი არ არის".
"მე ამაზე მახსენდება ილია ჭავჭავაძე, რომელსაც ადანაშაულებდნენ სიმართლის თქმაში და ის ამბობდა: "ჩემზე ამბობენ, ის სიავეს ქართვლისას ამბობს, ჩვენ ცუდს არ მალავს, ეს ხომ ცხადი სიძულვილია, ბრიყვნი ამბობენ, კარგი გული კი მაშინვე სცნობს, ამ სიძულვილში რაოდენი სიყვარულია". საქმე რაშია, რომ ჩვენ მთელი ეს წლები ვაშენებდით საქართველოს რეპუტაციას. ის, რომ რამდენიმე წლის წინ საქართველოს არავინ აღიქვამდა ევროპულ ქვეყნად, ამოვატრიალეთ და ეს არამხოლოდ ჩვენი გამოსვლების, არამედ იმის დამსახურებაა, რაც საქართველოში შეიცვალა. დიპლომატიით ამას ვერ გააკეთებ, თორემ რუსეთს რომ ფული აქვს და გამოცდილი დიპლომატები ჰყავს, ეგეთი ვის ჰყავს?! მაგრამ რეპუტაცია სხვა რაღაცაა. რატომ გვქონდა ჩვენ? იმიტომ, რომ საქართველოში განვითარდა ქვეყანა და განვითარდა დემოკრატია, რაც ბოლო არჩევნებმაც დაადასტურა. ამ მთავრობას, იმის მაგივრად, რომ მთელი ენერგია წინა მთავრობის ლანძღვაზე დაეხარჯა, ჩვენს მიერ აშენებულზე უნდა დაეშენებინა ბევრად უფრო მაგარი რაღაცა. ეს იქნებოდა მათვისაც და ქვეყნისთვისაც კარგი. ის, რაც ობიექტურად ხდება საქართველოში, რაც არ უნდა მალონ, არ დაიმალება და ბუნებრივად ასუსტებს საქართველოს იმუნიტეტს", - განაცხადა სააკაშვილმა.
მისივე თქმით, "საერთაშორისო ასპარეზზე საქართველოს პოზიციის შესუსტების ნიშნები გაჩნდა და არ შეიძლება, ამან შეშფოთება არ გამოიწვიოს".