საზოგადოებრივი მოძრაობა "მართალი სამართალი ღირსებისათვის" ფინანსური ამნისტიის ინიციატივის წინააღმდეგ გამოდის,- ამასთან დაკავშირებით ორგანიზაციის დამფუძნებლებმა დღეს for.ge-ს პრესკლუბში ისაუბრეს.
მოძრაობის ერთ-ერთი ხელმძღვანელის, "კავკასუს ონლაინის" ყოფილი მფლობელის, მამია სანადირაძის განცხადებით, პრეზიდენტ მიხეილ სააკაშვილის ინიციატივა ფინანსური ამნისტიის შესახებ მიმართულია საქართველოს სახელმწიფოებრიობის წინააღმდეგ, ემსახურება ნაძარცვი ქონების ლეგალიზაციას და დაუსჯელობის სინდრომის გაძლიერებას. მისივე თქმით, დღემდე ბიუჯეტთან დავალიანება მხოლოდ "ნაციონალურ მოძრაობასთან" დაკავშირებულ ორგანიზაციებს გააჩნიათ და მათი პატიება დაუშვებელია.
როგორც სადირაძე აცხადებს ისინი უნდობლობას უცხადებენ არსებულ სასამართლო სისტემას და წართმეული ქონების უკან დაბრუნების მექანიზმის შემუშავების ინიციატივით გამოდის. მისი თქმით, უნდა შეიქმნას კომისია, რომელიც პარლამენტის, ხელისუფლების და საზოგადოებრივი სექტორის წარმომადგენლებით დაკომპლექტდება და ბოლო 9 წლის განმავლობაში "ნაციონალური მოძრაობის" მაღალი რანგის საჯარო მოხელეების ქონების წარმომავლობის კანონიერებას შეისწავლის.
სანადირაძის ინფორმაციით, გარკვეული პირები ახალ ხელისუფლებასთან გარიგებას და მიტაცებული ქონების ამ გზით შენარჩუნებას ცდილობენ.
"ჩვენმა ორგანიზაციამ მრავალ ბიზნესმენს გაუწია სამართლებრივი კონსულტაცია, მაგრამ საქმემ წინ მაინცდამაინც ვერ წაიწია. დრო კი გაიწელა. ბევრი ჩივის მისი ქონების გასხვისებასთან დაკავშირებვით. მაქვს ინფორმაცია, რომ ქონების გამტაცებლები ზოგადად ცდილობენ გარიგებაში შესვლას ახალი ხელისუფლების წარმომადგენლებთან, მაგრამ იმედი მაქვს, რომ ბიძინა ივანიშვილი ამას არ დაუშვებს და სამართალი პურს ჭამს", - აცხადებს მამია სანადირაძე.