საქართველოს პრეზიდენტმა, მიხეილ სააკაშვილმა ევროსაბჭოში საპარლამენტო ასამბლეაზე სიტყვით გამოსვლისას იმედი გამოთქვა, რომ კოჰაბიტაცია წარმატებით წარიმართება და პრემიერ-მინისტრთან ერთად იპოვიან საშუალებას, ქართველი ხალხი კვლავ სწორი გზით წაიყვანონ.
„როდესაც ციხეში სვამენ ადამიანებს, რომელთაც ჩვენი კონტრდაზვერვის სისტემა შექმნეს, ეს მე მგონი, შეცდომაა. ჩვენ წარმატებით ავიცილეთ თავიდან ის მნიშვნელოვანი თავდასხმები, რომელიც ხდებოდა ჩვენს დასავლეთ ტერიტორიებზე, ჩვენ შევინარჩუნეთ სუვერენული დემოკრატია და ენთუზიაზმი, რომ გავხდეთ ევროკავშირის წევრები იმ ძალიან რთული ვითარების ფონზე, რომელიც ხდებოდა საქართველოში. ქართველი ხალხი არასდროს დათმობს ამ მიზანს. დღეს დადგა დრო, როდესაც ჩვენ ყველაზე უფრო ახლოს ვართ ჩვენს მიზანთან და ასეთ დროს ნებისმიერი ეჭვის გამოხატვა ძალიან საფრთხილო შეიძლება იყოს. იმედი მაქვს, რომ საქართველოში კოჰაბიტაცია ძალიან წარმატებით წარიმართება და პრემიერ-მინისტრთან ერთად ჩვენ ვიპოვით იმ გზას, საიდანაც შეგვიძლია ქართველი ხალხი კვლავ წავიყვანოთ სწორი გზით. იმედი მაქვს, რომ მშვიდობიანი კოჰაბიტაციისთვის ყველაფერს გავაკეთებთ და ჩვენს ეროვნულ ინტერესებს დავაყენებთ უფრო მაღლა, ვიდრე ნებისმიერ პოლიტიკურ ინტერესს, რაც იქნება გატარებული ჩვენს საგარეო პოლიტიკაში, ჩვენს ერთობლივ ინიციატივებში ევროკავშირისა და ნატო-ს წინაშე. თუ ჩვენი ინსტიტუტების პარალიზება მოხდება, ამით ვერავინ მიიღებს სარგებელს. თუ ჩვენი ეკონომიკა დაკნინდება, ამით არავინ იქნება დაკმაყოფილებული და მე ვშიშობ, რომ ახალმა უმრავლესობამ შეიძლება, გარკვეული ზიანი მიაყენოს ქვეყანას ამ გზის არჩევით. ჩვენ კვლავ მხარს ვუჭერთ იმ პრინციპებსა და ღირებულებებს, რომლებიც ევროკავშირისა და ევროპული ოჯახის მთავარ ღირებულებებს წარმოადგენს და ძალიან მნიშვნელოვანია, რომ ჩვენი პოლიტიკური ინტერესები გაცილებით უფრო ღრმა არის, ვიდრე ჩვენი პირადი ინტერესები. აქ სასწორზე დევს ჩვენი დემოკრატიული მომავალი. ეს ნამდვილად ღირს ბრძოლად“, - განაცხადა მიხეილ სააკაშვილმა.