საქართველოს პრეზიდენტმა, მიხეილ სააკაშვილმა ევროსაბჭოში, საპარლამენტო ასამბლეაზე სიტყვით გამოსვლისას განაცხადა, რომ ერევანში ვიზიტისას, საქართველოს პრემიერ–მინისტრ, ბიძინა ივანიშვილის განცხადებამ დიდი გაოცება გამოიწვია და აღნიშნა, რომ საქართველოს ნატოში გაწევრიანება, შესაძლოა, კითხვის ნიშნის ქვეშ დადგეს.
„მან ხაზი გაუსვა, რომ ქვეყანას შეიძლება ჰქონდეს კარგი ურთიერთობები ნატოსთან და რუსეთთან ერთდროულად და ცოტა უცნაური ტოლობა დასვა ამ ორ ძალას შორის და მაგალითად ჩვენი სომეხი მეგობრები მოიყვანა. საქართველომ აირჩია ნატოს წევრობა, სომხეთმა ეს გზა არ აირჩია. ეს არის ნებისმიერი ერის სუვერენული უფლება, რომ აირჩიოს ის გზა, რომელიც მისთვის უფრო მისაღებია, მაგრამ ურთიერთობები და ინტეგრაცია სხვადასხვა მცნებებია. ის, რაც პრემიერ-მინისტრმა განაცხადა, სამწუხაროდ, ცვლის ყველაფერს, რაც ჩვენ აქამდე გვითქვამს. ის ნიშნავს იმას, რომ საქართველოს ნატოში წევრობა კითხვის ნიშნის ქვეშ დადგეს“, - განაცხადა მიხეილ სააკაშვილმა.
პრეზიდენტის აზრით, ერთია, როდესაც უმჯობესდება ურთიერთობები რუსეთთან, მაგრამ მეორეა, როდესაც ნარჩუნდება ქვეყნის ძირითადი მისწრაფებები.
„ვფიქრობ, რომ ქართველ ხალხს ხმა არ მიუცია ამ ძირითადი გზის შეცვლისთის“,– განაცხადა მიხეილ სააკაშვილმა.