ამნისტიის შედეგად პოლიტპატიმრის სტატუსით გათავისუფლებული პოლიტიკურ მეცნიერებათა დოქტორი, სამხედრო ექსპერტი, ვახტანგ მაისაია და მისი ინტერესების დამცველი ნათია კორკოტაძე დღეს, საქართველოში ნატოს ოფისის ხელმძღვანელს, ვილიამ ლაჰიუს შეხვდებიან. ამის შესახებ from.ge-ს ვახტანგ მაისაიამ განუცხადა.
„დღეს, 11 სათზე მე და ჩემი ადვოკატი, ნათია კორკოტაძე საქართველოში ნატოს ოფისის ხელმძღვანელს შევხვდებით. მას უნდა გადავცე ნატო-ს გენერალურ მდივანის ანდერს ფოგრასმუსენის სახელზე ჩემი მიმართვა, რომელიც თქვენს პრესკლუბში ქართული და უცხოური მედიის წარმომადგენლებთან შეხვედრისას გავახმიანე“,- აცხადებს მაისაია.
ნატოს გენერალური მდივნის სახელზე დაწერილ მიმართვაში მაისაია ნატოს გენერალურ მდივანს მისი საქმით დაინტერესებას სთხოვს.
მისი სურვილია, ნატო-ს ხელმღვანელობამ მიიღოს ზუსტი ინფორმაცია იმის შესახებ, რომ მას ბრალი არა რუსეთის, არამედ ნატო-ს სპეცსამსახურებთან თანამშრომლობაში ედებოდა.
"მიშა და მაგათი ბანდა რომ სისულეებს ლაპარაკობდა, ეს ყველაფერი გამოჩნდა. მე რუსეთის ჯაშუშობას არ მაბრალებდნენ. საქმეში წერია, რომ მე ვიყავი ნატო-ს სპეცსამსახურების ჯაშუში. გასცეს მიხეილ სააკაშვილმა პასუხი ნატო-ს გენერალურ მდივანს ამ ყველაფერზე.
სწორედ ეს აშინებდა სააკაშვილს, რომ ეს ფაქტი არ გაჟღერებულიყო, მე ამის თქმა ციხეშიც მინდოდა. ვცდილობდი ხმა მიმეწვდინა, ჩემი მეგობრებისთვის ბრიუსელში, თუმცა სასჯელაღსრულების ხელმძღვანელობის მხრიდან ამის გამო ჩემზე განხორციელდა არნახული რეპრესიები და 3 000-მდე პატიმარი საფრთხის ქვეშ მოექცა. მინდა, ნატო-ს გენერალურმა მდივანმა ჩემს საქმეს ყურადღება მიაქციოს, სააკაშვილის რეჟიმმა, რომელიც აცხადებდა, რომ ევროატლანტიკური ინტეგრაციის მომხრე იყო, დააპატიმრა ამ კურსის გამტარებელი ადამიანი და მას 20-წლიანი კატორღა გამოუწერა", - აცხადებს მაისაია.
ნატო-ს გენერალური მდივნის სახელზე მომზადებულ მიმართვა ნატოს სამეკავშირეო ოფისის გარდა ასევე საქართველოში ნატო-ს წევრი ქვეყნების საელჩოებს და ნატო-ს საპარლამენტო ასამბლეის გენერალურ მდივანს გადაეგზავნება.