საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქი რუსეთ-საქართველოს ურთიერთობების პერსპექტივას ოპტიმიზმით უყურებს , - სააგენტო "ინტერფაქსის" ცნობით, ამის შესახებ კათოლიკოს-პატრიარქმა, უწმინდესმა და უნეტარესმა ილია მეორემ მოსკოვში, რუსეთის პატრიარქ კირილთან შეხვედრის შემდეგ ბრძანა.
შეხვედრა პატრიარქ კირილის რეზიდენციაში გაიმართა.
"ვფიქრობ, ჩვენი ვიზიტი მოემსახურება ურთიერთგაგებას, ჩვენს ერებს შორის ძმური კავშირების გაძლიერებას და ის პრობლემები, რომლებიც ჩვენს სახელმწიფოებს შორის არსებობს, დადებითად გადაწყდება, - ბრძანა ილია მეორემ.
მისივე თქმით, ეკლესიამ ორ ერს შორის კეთილი ურთიერთობის შესანარჩუნებლად ყველაფერი გააკეთა.
"ჩვენს ეკლესიებს შორის ძმური ურთიერთობა ერთადერთი გზა იყო, რომელიც ჩვენს სახელმწიფოებსა და ერებს აკავშირებდა. ღვთის მადლით, დრო იცვლება და ჩვენც მასთან ერთად ვიცვლებით", - ბრძანა სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქმა.
ილია მეორე პატრიარქ კირილის მიწვევით რუსეთში გუშინ გაემგზავრა. დღეს მას მაცხოვრის ტაძარში მართლმადიდებელი ერების ერთობის ფონდის პრემიით დააჯილდოებენ. ვიზიტის ფარგლებში საქართველოს პატრიარქის რუსეთის პრეზიდენტ ვლადიმერ პუტინთან შეხვედრაც იგეგმება.