დავოსში საქართველოს პრემიერ-მინისტრი რამდენიმე ქვეყნის პირველ პირთან ორმხრივ შეხვედრას გამართავს , - ამის შესახებ მთავრობის სხდომის დასრულების შემდეგ ჟურნალისტებს საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრმა, მაია ფანჯიკიძემ განუცხადა.
მისი თქმით, პრემიერს შეხვედრები ექნება უკრაინის, შვეიცარიის, პოლონეთისა და კიდევ რამდენიმე სახელმწიფოს მეთაურთან. გარდა ამისა, ბიძინა ივანიშვილი შეხვდება გაერო-ს გენერალურ მდივანს.
ფანჯიკიძის განცხადებით, გარდა ორმხრივი შეხვედრებისა, პრემიერ-მინისტრი მონაწილეობას მიიღებს რამდენიმე სესიაში.
"მოგეხსენებათ, ეს არის ძირითადად ეკონომიკური ხასიათის ფორუმი. ამიტომ იქ ეკონომიკის დარგში მსოფლიოს ყველაზე მნიშვნელოვანი წარმომადგენლები იქნებიან. მათთანაც არის დაგეგმილი შეხვედრები. რადგან ეკონომიკური ფორუმია, ინტერესიც ამ კუთხით არის, თუმცა ყოველ ასეთ დიდ საერთაშორისო ფორუმზე, მონაწილეები სარგებლობენ შემთხვევით და პოლიტიკურ შეხვედრებსაც ატარებენ", - განაცხადა მაია ფანჯიკიძემ და დასძინა, რომ საქართველოც ანალოგიურად გამოიყენებს ამ ფორუმს.