ფონდი

ფონდი "ქართუ" კომპენსაციის გაცემის წესთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს

კახეთის რეგიონში სტიქიით დაზარალებულთათვის ფულადი კომპენსაციის გაცემის წესთან დაკავშირებით ფონდი "ქართუ" განცხადებას ავრცელებს, რომელსაც from.ge უცვლელად გთავაზობთ.

"როგორც ცნობილია, საერთაშორისო საქველმოქმედო ფონდი "ქართუ" უზრუნველყოფს კახეთის რეგიონის მოსახლეობისადმი 2012 წელს მომხდარი სტიქიური უბედურებით მიყენებული სასოფლო-სამეურნეო ზარალის ანაზღაურებას, რისთვისაც გასცემს ფულად კომპენსაციას.

სახელმწიფო უწყებების მიერ დადგენილ დაზარალებულთა რაოდენობა დაახლოებით 29.000 ოჯახს შეადგენს. დაზარალებულთა ესოდენ დიდი რაოდენობის გამო, ბანკის ფილიალებთან რიგების თავიდან აცილების მიზნით, დახმარების გაცემა წარმოებს შემდეგი წესით:

ყოველ კონკრეტულ დასახლებულ პუნქტში (ქალაქი/სოფელი/დაბა) მოქალაქეს წინასწარ ეცნობება იმის შესახებ, თუ რომელ დღეს ჩაერიცხება კომპენსაცია. კონკრეტულ სიებს წინასწარ ადგილობრივი თვითმართველობის ორგანოები (სოფლის რწმუნებულები) გაავრცელებენ. შეტყობინების მიღებამდე ბანკში წინასწარ მისვლა საჭირო არ არის.

დახმარების მიღება შესაძლებელია ბანკი "ქართუს" შემდეგ ფილიალებში: თელავის სერვისცენტრი - ჭავჭავაძის მოედანი, 2200, თელავი; თბილისის სათავო ოფისი - ჭავჭავაძის გამზ. №39ა, 0162, თბილისი; ისნის სერვისცენტრი - ქეთევან დედოფლის გამზ./ბოჭორმის ქ. №50/18 0144, თბილისი; საბურთალოს სერვისცენტრი - პეკინის ქ. №14ბ, 0171, თბილისი; ვაკის სერვისცენტრი - ი. აბაშიძის ქ. №24, 0179, თბილისი; მთაწმინდის ფილიალი ვ. ვეკუას ქ. №1, 0105, თბილისი. ბანკის ფილიალები 10:00 – 17:00 საათებში მუშაობენ, თელავის ფილიალი კი 10:00-დან 19:00 საათამდე მუშაობს.

მოქალაქე, რომელიც აღნიშნული იქნება კომპენსაციის მიმღებთა სიაში, პირადად უნდა მივიდეს ბანკში და თან იქონიოს პირადობის დამადასტურებელი დოკუმენტი (პირადობის მოწმობა). იმ შემთხვევაში, თუ მოქალაქეს არ შეუძლია პირადად ბანკში მისვლა, მაშინ მისი სახელით მისულ პირს ხელზე უნდა ჰქონდეს სანოტარო წესით დამოწმებული შესაბამისი მინდობილობა. მინდობილობის ტექსტთან დაკავშირებული დეტალები დაინტერესებულ პირებს შეუძლიათ გაარკვიონ ბანკის ფილიალებში", - ნათქვამია განცხადებაში.