საქართველოს სახალხო დამცველი სასამართლოებს რეკომენდაციით მიმართავს და შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთათვის სასამართლოს ხელმისაწვდომობის უზრუნველყოფისკენ მოუწოდებს.
როგორც ომბუდსმენის აპარატის მიერ გავრცელებულ განცხადებაშია ნათქვამი, 2012 წლის 10 იანვარს თბილისის საქალაქო სასამართლოში შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთა საკითხებზე მომუშავე არასამთავრობო ორგანიზაცია "დამოუკიდებელი ცხოვრების ახალგაზრდული ცენტრის" აღმასრულებელი დირექტორის, შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირის, კობა ნადირაძის სარჩელის საფუძველზე გამართულ სასამართლო სხდომაზე საქართველოს სახალხო დამცველის შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთა უფლებების დაცვის ცენტრის წარმომადგენლები იმყოფებოდნენ.
"სასამართლოში ვიზიტის დროს სახალხო დამცველის წარმომადგენლებისთვის ცნობილი გახდა მოქალაქე კობა ნადირაძისა და სასამართლო პროცესზე დასწრების მსურველი სხვა მოქალაქეების, შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირების უფლებების დარღვევის შესახებ. კერძოდ, კობა ნადირაძემ და შეზღუდული შესაძლებლობის მქონე სხვა პირებმა ვერ შეძლეს სასამართლო სხდომაზე დასწრების მიზნით შენობის მე-6 სართულზე გადაადგილება, რადგან სასამართლოს შენობა სრულად არ არის ადაპტირებული შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთა საჭიროებისთვის. იმის მიუხედავად, რომ სასამართლო შენობის სართულებზე გადაადგილება შესაძლებელია ლიფტის საშუალებით, სხდომის დარბაზში მოხვედრის მიზნით დამატებით საჭიროა კიბის უჯრედით სარგებლობა. აღნიშნულ მონაკვეთზე მობილობის შეზღუდვის მქონე პირისათვის დამოუკიდებლად გადაადგილება შეუძლებელია", - ნათქვამია განცხადებაში.
სახალხო დამცველის აპარატის წარმომადგენლების თქმით, საქართველოს კონსტიტუციის 42-ე მუხლის თანახმად, "ყოველ ადამიანს უფლება აქვს თავის უფლებათა და თავისუფლებათა დასაცავად სასამართლოს მიმართოს". აღნიშნული დებულება კი გულისხმობს, სახელმწიფოს ვალდებულებას, გაატაროს ყველა საჭირო ღონისძიება, რათა სასამართლო ხელმისაწვდომი იყოს ყველა დაინტერესებული პირისათვის.
"სასამართლოზე ხელმისაწვდომობა მოიცავს არა მხოლოდ პირის შესაძლებლობას დავის საწარმოებლად მიმართოს სასამართლოს, არამედ სასამართლოს ტერიტორიულ და ფიზიკურ ხელმისაწვდომობასაც. ზემოაღნიშნულმა ფაქტმა კიდევ ერთხელ აქტუალური გახადა სასამართლო შენობების ხელმისაწვდომობის პრობლემა შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთათვის. შესაბამისად, საქართველოს სახალხო დამცველი საერთო სასამართლოებს მიმართავს რეკომენდაციით, უზრუნველყონ სათანადო ღონისძიებების გატარება, რათა სასამართლო (მათ შორის სასამართლო სხდომის დარბაზები) ფიზიკურად ხელმისაწვდომი გახდეს შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთათვის. აღნიშნული პრობლემის მოგვარებამდე სასამართლო სხდომების ჩატარებისას გათვალისწინებული იყოს ზემოაღნიშნული გარემოება და სასამართლო სხდომები გაიმართოს იმ დარბაზებში, სადაც უზრუნველყოფილი იქნება შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთა (მხარეთა ) დასწრება", - აღნიშნულია სახალხო დამცველის აპარატის განცხადებაში.