კახეთში სტიქიით დაზარალებულმა ოჯახებმა საშუალოდ შესაძლოა, 6-დან 8 ათას ლარამდე მიიღონ. ამის შესახებ მთავრობის სხდომის დაწყებამდე ჟურნალისტებს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრმა დავით ნარმანიამ განუცხადა.
მისი თქმით, სტიქიის შედეგად მიყენებული ზარალი ძალიან დეტალურად იყო აღწერილი და თითოეული სოფლისა და ოჯახის ასეთი აღწერა არასდროს ჩატარებულა.
მინისტრის განმარტებით, აღწერის დოკუმენტს, ანუ შესაბამის ანკეტას ხელს აწერს რამდენიმე ადამიანი, მათ შორის ოჯახის წევრებიც, რომლებიც აღწერის პროცესს ესწრებოდნენ. ისინი თავიანთი ხელმოწერებით ადასტურებენ, რომ მათ დამატებით არა აქვთ პრეტენზია ამ საკითხზე.
"ვფიქრობ, რომ მოსახლეობის მხრიდან გულისწყრომა არ უნდა იყოს. მიმდინარეობს საბანკო ანგარიშების გახსნა 28.500-ვე დაზარალებულ ოჯახზე. ანგარიშების გახსნის დასრულების შემდეგ, ეტაპობრივად დაიწყება კომპენსაციების გაცემა", - განაცხადა ნარმანიამ.
მისი თქმით, თითოეული სოფლის რწმუნებული ინფორმირებული იქნება კონკრეტულ ოჯახებთან დაკავშირებით, რომლებიც უნდა გამოცხადდნენ საბანკო დაწესებულებებში იმისთვის, რომ თავიდან იყოს არიდებული რიგები და პროცესი კარგად წარიმართოს.
ამასთან, მინისტრმა კიდევ ერთხელ აღნიშნა, რომ დაზარალებულები კომპენსაციას სრულად მიიღებენ, რაც მათ ანკეტაშია დაფიქსირებული.
რაც შეეხება სახურავების შეკეთების პროცესს, ნარმანიას განცხადებით, ეს პროცესი თითქმის დასრულებულია, თუმცა კიდევ გადახედავენ, თუ კიდევ არის სადმე რაიმე დარჩენილი.
"საშუალოდ ოჯახმა შესაძლოა, 6-დან 8 ათას ლარამდე მიიღოს. თუკი ფიზიკურ პირს ჰქონდა უფრო მეტი ნაკვეთი, ამ შემთხვევაში, რა თქმა უნდა, ისინი უფრო მეტს მიიღებენ", - acxadebs ნარმანია.