არასამთავრობო ორგანიზაცია "დედათა კომიტეტი" საქართველოს მთავრობას და საქართველოს პარლამენტს მიმართავს და ბანკების მიერ მოსახლეობის გამოსახლების პროცესის შეჩერებას ითხოვს. ამასთან დაკავშირებით "დედათა კომიტეტი" განცხადებას ავრცელებს.
ორგანიზაციაში მიიჩნევენ, რომ ხელისუფლებამ უნდა მიიღოს სამართლებრივი გადაწყვეტილებები და გამოსახლების პროცესი შეაჩეროს.
"ამავე დროს, არასამთავრობო ორგანიზაცია "დედათა კომიტეტი"-ს თავმჯდომარე ქეთევან ადამია მიმართავს "საქართველოს ბანკის" გენერალურ დირექტორს ირაკლი გილაურს, მიიღოს სასწრაფო ზომები "დედათა კომიტეტი"-ს წევრის, მაია ნარუშვილის მიმართ იძულებითი, კაბალური ხელშეკრულების თავიდან აცილების თაობაზე, რათა პირადად განიხილოს კონკრეტული საქმე და შეგვხვდეს უმოკლეს ვადებში. ასევე, არასამთავრობო ორგანიზაცია "დედათა კომიტეტი"-ს წევრი მაია ნარუშვილი მიმართავს საქართველოს მთავარ პროკურატურას, დაინტერესდნენ შპს "საქართველოს ბანკის" საქმიანობით, თუ რატომ ხდება იძულებით, კაბალური ხელშეკრულებების გაფორმება და სხვადასხვა უძრავ-მოძრავი ქონების ჩამორთმევა მაშინ, როცა საბანკო სესხის ძირითადი თანხა დაფარულია", - ნათქვამია კომიტეტის განცხადებაში.
ამ საკითხზე, 11:00 საათზე, "დედათა კომიტეტი"-ს ოფისში კომიტეტის წევრების შეკრება გაიმართება.