გლდანის ციხის ადმინისტრაციას გურამ შარაძის მკვლელობაში მსჯავრდებულის, გიორგი ბარათელის ადვოკატი, მამუკა ნოზაძე პროვოკაციაში ადანაშაულებს.
ადვოკატის განცხადებით, 17 იანვარს ბარათელს წარუდგინეს ბრალი, თითქოს მას ჰქონდა აკრძალული ნივთი, ე.წ. შტირი და აღნიშნავს, რომ ციხის ადმინისტრაციის მხრიდან, ბარათელის მიმართ პროვოკაცია მოხდა და მსჯავრდებულს ე.წ. შტირი ჩაუდეს, რადგან არც ერთი პატიმარი არ ადასტურებს, რომ ბარათელს ჰქონდა რაიმე აკრძალული ნივთი.
მამუკა ნოზაძის განცხადებით, გიორგი ბარათელის შემოწმება ყოველდღიურად ხდებოდა და ბუნებრივია, თუ მას რაიმე აკრძალული ნივთი ექნებოდა, ადმინისტრაცია ამ ფაქტს გამოავლენდა და ბრალს მაშინვე წარუდგენდა.
მისი თქმითვე, გიორგი ბარათელის მიმართ პროვოკაციები მას შემდეგ გაძლიერდა, რაც ხელისუფლება შეიცვალა და მან თავის უკანონო პატიმრობასთან დაკავშირებით პრეტენზია გამოთქვა. ამასთან, ბარათელმა აღნიშნა, რომ გურამ შარაძე მას არ მოუკლავს.
ადვოკატი მიიჩნევს, რომ ეს პროვოკაცია გიორგი ბარათელის გაჩუმებას ემსახურება.
მისი განმარტებით, ამჟამად გიორგი ბარათელს მისჯილი აქვს 20 წელი და 6 თვე, ახალ ბრალდებაზე კი აღმკვეთი ღონისძიება სასამართლომ გუშინ შეუფარდა. იმ შემთხვევაში, თუ სასამართლო გამამტყუნებელ განაჩენს გამოიტანს, პატიმარს სასჯელი დაემატება.
ნოზაძის განმარტებით, გიორგი ბარათელს ბრალი ედება 378-ე პრიმა მუხლით, რომელიც უკანონო ნივთის შენახვას გულისხმობს და 3 წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.