საქართველოს პრეზიდენტი, მიხეილ სააკაშვილი ექიმ ირაკლი ციციშვილის გარდაცვალების გამო მწუხარებას გამოთქვამს და მის ოჯახს სამძიმარს უცხადებს.
„ვწუხვარ არაჩვეულებრივი ექიმისა და დიდი ადამიანის ირაკლი ციციშვილის გარდაცვალების გამო. ბატონი ირაკლი ერთ-ერთი ის პროფესიონალი გახლდათ, რომელიც მუდამ კეთილი საქმის სამსახურში იდგა. მისი გარდაცვალება განსაკუთრებულად სამწუხაროა ახლობლების, მეგობრებისა და საზოგადოებისათვის. უზარმაზარია ირაკლი ციციშვილის დამსახურება მედიცინის განვითარებისა და საქართველოს გენოფონდის დაცვის საქმეში. ჩვენმა ქვეყანამ ბატონი ირაკლის სახით უბადლო პროფესიონალი და შესანიშნავი ადამიანი დაკარგა. ვიზიტი ამ ღვაწლმოსილ პედიატრთან, ბავშვებთან მისი განსაკუთრებული მიდგომის წყალობით, საშიში პროცედურის ნაცვლად სახალისო პროცესად იქცეოდა ხოლმე. მინდა, კვლავ მადლიერებით მოვიგონო შესანიშნავი ექიმი და ადამიანი. სამძიმარი გამოვუცხადო მის ოჯახს, მეგობრებსა და ახლობლებს. მათთან ერთად ვიზიარებ ირაკლი ციციშვილის გარდაცვალებით გამოწვეულ ტკივილსა და მწუხარებას’’, - ნათქვამია პრეზიდენტის სამძიმრის წერილში.