საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრი დავით ნარმანია გერმანიის სრულუფლებიან და საგანგებო ელჩს საქართველოში ორთვინ ჰენიგს შეხვდა.
რეგიონალური განვითარების ინფრასტრუქტურის ინფორმაციით,შეხვედრაზე მხარეებმა მინისტრის გერმანიაში დაგეგმილ ვიზიტზე იმსჯელეს, რომელიც 23-24 იანვარს გაიმართება.
მათივე ცნობით, ასევე, განიხილეს გერმანია-საქართველოს თანამშრომლობის პერსპექტივები ადგილობრივი თვითმმართველობის განვითარებისა და დეცენტრალიზაციის თვალსაზრისით.
ამასთან, ორთვინ ჰენიგმა და დავით ნარმანიამ იმ პროექტებზეც იმსჯელეს, რომლებსაც საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტრო GIZ-ის მხარდაჭერით ახორციელებს. განსაკუთრებული ყურადღება წყალმომარაგებისა და მყარი ნარჩენების მართვის პროექტებზე გამახვილდა. გერმანიის ელჩმა საქართველოს ახალი მთავრობის მიმართ მხარდაჭერა გამოთქვა და მინისტრს თანამშრომლობის ყველა ასპექტში დახმარება აღუთქვა.
"გერმანიის ფედერაციული რესპუბლიკის ელჩთან შეხვედრაზე გერმანიაში ჩემს ვიზიტთან დაკავშირებულ დეტალებზე ვისაუბრეთ. ჩვენ გავცვალეთ ინფორმაცია იმის შესახებ, თუ რა არის ორივე მხარისთვის საინტერესო სამომავლო თანამშრომლობის თვალსაზრისით. გერმანიაში რამდენიმე სამინისტროში მექნება შეხვედრები. განსაკუთრებით საინტერესო იქნება ჩემი შეხვედრა გერმანიის ტრანსპორტის, მშენებლობის და ქალაქ განვითარების სამინისტროში. აღნიშნულ სამინისტროში საუბარი გვექნება სხვადასხვა მუნიციპალური პოექტების შერჩევასთან დაკავშირებულ მეთოდოლოგიასა და კრიტერიუმებზე. ასევე, იგეგმება ჩემი გამოსვლა აღმოსავლეთ და ცენტრალური ევროპის ბიზნესმენთა კონფერენციაზე, რის შემდეგაც მექნება შეხვედრა ცალკეულ ბიზნესმენებთან, რომლებიც შესაძლებელია დაინტერესდნენ საქართველოში ინვესტირებით და სხვადასხვა ინფრასტრუქტურულ პროექტებსა და ტენდერებში მონაწილეობით", - განაცხადა შეხვედრის დასრულების შემდეგ დავით ნარმანიამ.
თავის მხრივ, შეხვედრას საინტერესო უწოდა გერმანელმა დიპლომატმა,
"ძალიან საჭირო და საინტერესო შეხვედრა იყო. შეხვედრა გერმანულად წარიმართა და მსურს ყურადღება გავამახვილო მინისტრის შესანიშნავ გერმანულზე. ჩვენ ვისაუბრეთ მინისტრის ვიზიტზე გერმანიაში, რომელიც მომავალ კვირას არის დაგეგმილი. ის გამართავს შეხვედრებს ბერლინში. ჩვენ, ასევე, ვისაუბრეთ გერმანიასა და საქართველოს თანამშრომლობაზე და მის გააქტიურებაზე ადგილობრივი თვითმმართველობების თვალსაზრისით. ასევე, ვისაუბრეთ წყალმომარაგებისა და მყარი ნარჩენების მართვის პროექტებზე და საქართველოსა და გერმანიის თანამშრომლობის სხვა მიმართულებებზე", - აღნიშნა ორთვინ ჰენიგმა.