აფხაზეთის გავლით რუსეთისა და სომხეთის დამაკავშირებელი სარკინიგზო ხაზის აღდგენა სახიფათო იმ შემთხვევაში იქნებოდა, თუ ქვეყანას უპასუხისმგებლო ხელისუფლება ეყოლებოდა.
ამის შესახებ from.ge-ს უმრავლესობის ერთ-ერთა ლიდერმა ირაკლი ჩიქოვანმა განუცხადა, რომელიც პრეზიდენტის შეფასებას გამოეხმაურა.
მისი თქმით, რკინიგზა ძალიან მნიშვნელოვანია და ეს საკითხი შესწავლასა და თანმიმდევრულ მიდგომას საჭიროებს.
„ეს ძალიან მნიშვნელოვანი გადადგმული ნაბიჯი იქნება -არა მხოლოდ ეკონომიკური კუთხით, არამედ ზოგადად კონფლიქტის დარეგულირების თვალსაზრისითაც. არაერთხელ გვისაუბრია, რომ გავაკეთებთ ყველაფერს, რომ კონფლიქტი დარეგულირდეს და რკინიგზის აღდგენის საკითხი განხილული იქნება ერთ-ერთ მნიშვნელოვან ნაბიჯად. რაც შეეხება პრეზიდენტის განცხადებას, რომ რკინიგზის აღდგენა სახიფათოა, ნამდვილად სახიფათოა თუ ქვეყანაში არის უპასუხისმგებლო ხელისუფლება. მისი ხელისუფლების პირობებში სახიფათო იქნებოდა, მაგრამ ახალი ხელისუფლების პირობებში ახალი რეალობაა და სწორ ნაბიჯებზე ვფიქრობთ, რომელიც სასიკეთო იქნებოდა ჩვენთვის და აფხაზებისთვის“, - დასძენს ჩიქოვანი.
შეგახსენებთ, რომ პრემიერ-მინისტრმა, ბიძინა ივანიშვილმა სომხეთის მთავრობის თავმჯდომარე ტიგრან სარქისიანთან ერთად გამართულ პრეს-კონფერენციაზე განაცხადა, რომ აფხაზეთის გავლით რუსეთისა და სომხეთის დამაკავშირებელი სარკინიგზო ხაზის აღდგენა შესაძლებელია და აღნიშნა, - „ჩვენ ამ პრობლემის სწრაფად გადაწყვეტაზე უნდა ვიმუშაოთ“.