მაია ფანჯიკიძე საპარლამენტო უმცირესობას შეხვედრას თებერვლის დასაწყისში სთავაზობს. ამის შესახებ ჟურნალისტებს მაია ფანჯიკიძემ განუცხადა , რომელიც საპარლამენტო უმცირესობასთან არშემდგარ შეხვედრას გამოეხმაურა.
მინისტრის თქმით, საპარლამენტო უმცირესობასთან მასაც ძალიან ბევრი კითხვა აქვს და ამიტომ ძალიან უნდოდა ამ შეხვედრის ჩატარება. თუმცა, მისი განმარტებით, იმის გამო, რომ შეტყობინება ძალიან გვიან მიიღო და დღეისთვის წინასწარ ჰქონდა დაგეგმილი რამდენიმე შეხვედრა, რომელთაგან ერთ-ერთი ნოემბერშიც კი დაიგეგმა და დღეს საღამოს უნდა შედგეს, ის ქუთაისში ვეღარ გაემგზავრა. მინისტრის განცხადებით, ქუთაისში ჩასვლა-ჩამოსვლას მინიმუმ 6 საათი სჭირდება და შეხვედრის ადგილი თბილისში რომ ყოფილიყო, პრობლემა არ იქნებოდა.
"ამის შესახებ პარლამენტს გუშინ ტელეფონით შევატყობინე, ხოლო დღეს, მას შემდეგ, რაც დავბრუნდი სომხეთიდან, წერილი გავუგზავნე, სადაც ვთავაზობ, რომ ეს შეხვედრა 4 თებერვლის კვირაში გაიმართოს, რადგან მანამდე ასევე დატვირთული პერიოდია, არის მთავრობის სხდომა, ასევე დაგეგმილია რამდენიმე მნიშვნელოვანი შეხვედრა, ხოლო სამშაბათს ხანგრძლივი ვიზიტით მივემგზავრები რამდენიმე ქვეყანაში", - განაცხადა მაია ფანჯიკიძემ.
მისი თქმით, ამ ხანგრძლივი ვიზიტიდან საქართველოში 3 თებერვალს დაბრუნდება და აქედან გამომდინარე, უმცირესობას სთავაზობს, შეხვედრა 4 თებერვლის კვირაში გაიმართოს.
"მე აუცილებლად ჩავალ ქუთაისში და დარწმუნებული ვარ, ეს ძალიან საინტერესო შეხვედრა იქნება", - განაცხადა მაია ფანჯიკიძემ.