პრეზიდენტის ადმინისტრაციის ინფორმაციით, საქართველოს პრეზიდენტი, მიხეილ სააკაშვილი და თბილისის მერი, გიგი უგულავა არაბეთის გაერთიანებულ საემიროებში თბილისში შეჩერებული ინფრასტრუქტურული პროექტების განახლების მიზნით მოლაპარაკებებს გამართავენ.
პრეზიდენტი და თბილისის მერი არაბეთის გაერთიანებულ საემიროებში დღეს დილით გაემგზავრნენ.
აღსანიშნავია, რომ საემიროებიდან მიხეილ სააკაშვილი სტრასბურგში გაემგზავრება, სადაც ევროსაბჭოს საპარლამენტო ასამბლეის ზამთრის სესიაში მიიღებს მონაწილეობას.
21 იანვარს დაგეგმილია პრეზიდენტის საპარლამენტო ასამბლეაზე სიტყვით გამოსვლა.
საპარლამენტო ასამბლეაზე გამომსვლელებს შორის ასევე არიან ევროკომისარი გაფართოებისა და სამეზობლო პოლიტიკის საკითხებში შტეფან ფულე და იტალიის იუსტიციის მინისტრი პაოლას ევერინო.
ვიზიტის ფარგლებში, სააკაშვილი საპარლამენტო ასამბლეის პრეზიდენტს ჟან-კლოდ მინიონს, ევროპის საბჭოს უფლებათა დაცვის კომისარს ნილს მუზნიეკსს, ასევე ევროპის საბჭოს გენერალურ მდივანს ტორბიონ იაგლანს შეხვდება.
ვიზიტის ფარგლებში, ასევე დაგეგმილია სხვადასხვა რანგის ორმხრივი შეხვედრებიც.
ევროპის საბჭოს საპარლამენტო ასამბლეის ზამთრის სესია სტრასბურგში 21-25 იანვარის ფარგლებში გაიმართება.