საპარლამენტო უმცირესობის ერთ-ერთი ლიდერის, გიორგი კანდელაკის შეფასებით, სამწუხაროა, რომ საგარეო საქმეთა მინისტრ მაია ფანჯიკიძეს პარლამენტში მისვლის გამბედაობა არ ყოფნის.
როგორც ჟურნალისტებს კანდელაკმა განუცხადა, დღეს, უმცირესობის სხდომაზე მაია ფანჯიკიძე უნდა მისულიყო, თუმცა, გადაწყვეტილება შეიცვალა.
„თუ არ მოდის ძალიან სამწუხაროა, რადგან საგარეო კუთხით დაშვებულ შეცდომებთან დაკავშირებით, სერიოზული კითხვები გვქონდა. კერძოდ, მის არაკომპეტენტურ გამოსვლებთან მიმართებაში. ამასთან, პრემიერ-მინისტრმა ბიძინა ივანიშვილმა სომხურ რედაქციას ინტერვიუ მისცა, სადაც აღნიშნა, რომ მას შურს სომხეთის ურთიერთობის ნატოსთან. ფაქტიურად, ეს განცხადება საგანგაშოა, რადგან ყველამ იცის სომხეთის დამოკიდებულება ნატოსთან. სამწუხაროა, რომ მაია ფანჯიკიძეს პარლამენტში მოსვლის გამბედაობა არ ყოფნის“, - დასძენს კანდელაკი.
შეგახსენებთ, რომ 15:00 საათზე უმცირესობის სხდომა იყო დაგეგმილი, სადაც მაია ფანჯიკიძეს ოპოზიციონერთა კითხვებზე უნდა ეპასუხა.