პარლამენტი დღეს, მეორე და მესამე მოსმენით „სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსში“ შესატანი ცვლილებების პროექტს დაამტკიცებს, რომლის მიხედვითაც, ყოფილ თუ მოქმედ სახელმწიფო თანამდებობის პირებთან დაკავშირებული სისხლის სამართლის საქმეები ნაფიცმსაჯულთა განსჯადი სფერო ხდება.
იუსტიციის სამინისტროს მიერ მომზადებულ კანონპროექტში „ნაციონალური მოძრაობის“ მიერ მომზადებული ალტერნატიული წინადადებებიც შევიდა.
კერძოდ, მმართველმა ძალამ ნაფიცმსაჯულთა სასამართლოს არეალის ტერიტორიული თვალსაზრისით გაზრდის თაობაზე უმცირესობის წინადადება გაითვალისწინა, რაც იმას ნიშნავს, რომ ნაფიცმსაჯულთა ინსტიტუტის მოქმედების მასშტაბი თბილისისა და ქუთაისის სასამართლეობის გარდა, ბათუმის სასამართლოზეც გავრცელდება.
ამას გარდა, ცვლილებებს მუხლი დაემატა, რომლის მიხედვითაც, სასამართლო ვალდებულია პროცესების აუდიო-ვიდეო ჩაწერა უზრუნველყოს, რაც თავის მხრივ საკუთრივ ნაფიცმსაჯულთა სასამართლოსაც ეხება.
ამასთან, პირის უფლება, დაკითხული იქნეს მხოლოდ სასამართლოს მიერ, 2013 წლის 1 სეტემბრიდან ამოქმედდება.
გარდა ამისა, ბიუროს დღევანდელი გადაწყვეტილებით, სასამართლო პროცესებზე აუდიო-ვიდეო გადაღებების დაშვებასთან დაკავშირებით „საერთო სასამართლოების შესახებ“ ორგანულ კანონში შესატანი ნორმა ცალკე ინიციატივის სახით იქნება ინიცირებული.