ციხის სკანდალური ვიდეოკადრების ავტორი ვლადიმერ ბედუკაძე თბილისის საერთაშორისო აეროპორტში დააკავეს. ბედუკაძე საქართველოში დაახლოებით ღამის პირველი საათისთვის სტამბულის რეისით დაბრუნდა. ვინაიდან მისი დაპატიმრების უწყება გაცემულია იყო და აღმკვეთი ღონისძიების სახით პატიმრობაც შეფარდებული აქვს, იგი სამართალდამცავებმა დააკავეს. აეროპორტში მყოფმა მისმა ადვოკატებმა პირველი კომენტარი დაახლოებით 04.00 საათისთვის გააკეთეს.
როგორც ჟურნალისტებს ადვოკატმა, ლალი აფციაურმა განუცხადა, ბედუკაძის დაკავებისა და დოკუმენტების გაფორების პროცესმა მშვიდ ვითარებაში ჩაიარა. ბედუკაძე ამ დროისთვის გლდანის მე-8 საპყრობილეშია გადაყვანილი, მისი კუთვნილი ნივთები კი, ოჯახის წევრებს გადაეცათ.
"ბედუკაძეს აქვს საბრძოლო გაწყობა, კარგი გაგებით. მზად არის, ითანამშრომლოს გამოძიებასთან და მისცეს ჩვენება. მას აქვს პატიმრების წამების ამსახველი კიდევ სხვა მასალები და წერილობითი მტკიცებულებები, რომლებსაც გადასცემს ბრალდების მხარეს", - განაცხადააფციაურმა.
ადვოკატის ინფორმაციით, ბედუკაძე დაკავების შესახებ ინფორმირებული იყო, თუმცა გამოძიებასთან თანაშრომლობისთვის მზად არის და დაბრუნების გადაწყვეტილებაც ამიტომ მიიღო.
ამასთან, ადვოკატი გამოძიებისა და სასამართლოს აღმკვეთი ღონისძიების შეცვლის შუამდგომლობით მიმართავს. თუმცა, უცნობია, კონკრეტულად როდის შედგება პირველი სასამართლო პროცესი.
ბედუკაძეს აეროპორტში ახლობლები და მეგობრები ელოდებოდნენ, თუმცა დაკავების გამო მისი ნახვის საშუალება არ მიეცათ.
ბედუკაძეს პატიმრებისადმი არადამიანურ და ღირესების შემლახავ მოპყრობაში ედება ბრალი. მას აღმკვეთი ღონისძიება – პატიმრობა დაუსწრებლად ჰქონდა შეფარდებული.