ძველი თბილისის რაიონის გამგებელს, ნიკოლოზ მელიას ბრალი ორი მუხლით წაუყენეს.
ე.წ. მოდულის შენობაში ძველი თბილისის რაიონის გამგებლის, ნიკოლოზ მელიას დაკითხვა დაახლოებით, ორი საათის განმავლობაში მიმდინარეობდა.
ნიკოლოზ მელიას ბრალი ორი მუხლით წაუყენეს: 205-ე მუხლის პირველი ნაწილით(ქონების გადამალვაში დახმარება) და 232-ე მუხლის პირველი ნაწილით( უფლებამოსილების ბოროტად გამოყენება).
როგორც მაღალჩინოსანი აცხადებს, ის ბრალს არ ეთანხმება და თავს დამნაშავედ არ ცნობს.
ნიკოლოზ მელიას განცხადებითვე, დაკითხვის დროს, საუბარი შეეხებოდა „ქართუ ბანკის“ თემას, ააუქციონების თვალთმაქცურად ჩატარებას და ორგანიზებულ დანაშაულებრივ ჯგუფს, რომელიც ორგანიზებას უკეთებდა თვალთმაქცური აუქციონების გამართვას. მელიას თქმით, ამ ჯგუფზე არანაირ ინფორმაციას არ ფლობს და არ ეთანხმება წაყენებულ ბრალდებას.
ნიკოლოზ მელიას დაკითხვას მისი ადვოკატი გოგიტა გაბაიძე ესწრებოდა.
გოგიტა გაბაიძის განცხადებით, ბრალდების მხარეს მასალები დაცვის მხარისთვის არ წარუდგენია და ეს სავარაუდოდ, მანამდე მოხდება, სანამ ბრალდების მხარე სასამართლოს აღკვეთის ღონისძიების მოთხოვნით მიმართავს.
ამასთან, როგორც ადვოკატმა აღნიშნა, მუხლები, რომლებითაც ბრალი ნიკოლოზ მელიას წაუყენეს, 7-დან 10 წლამდე პატიმრობას ითვალისწინებს.