ევროპის საბჭოს ოფიციალურ ვებგვერდზე განთავსებული ინფორმაციის თანახმად, საქართველოს პრეზიდენტი, მიხეილ სააკაშვილი 21 იანვარს ევროპის საბჭოს საპარლამენტო ასამბლეის ზამთრის სესიაზე სიტყვით გამოვა.
ევროპის საბჭოს ოფიციალურ ვებგვერდზე განთავსებული ინფორმაციის თანახმად, მიხეილ სააკაშვილის, შტეფან ფულესა და იტალიის იუსტიციის მინისტრ პაოლო სევერინოს გამოსვლა ევროსაბჭოს საპარლამენტო ასამბლეის ზამთრის სესიის ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი მომენტებია.
ამასთან, დღის წესრიგით გათვალისწინებულია მსჯელობა რუსეთ-საქართველოს ომის დროს დაზარალებულ რაიონებში არსებული ჰუმანიტარული მდგომარეობის შესახებ.
შვეიცარიელი თინა აკეტოფტის დასკვნის მიხედვით ამ თემაზე მომზადებული რეზოლუცია 23 იანვარს განიხილება.
ამასთან, რუსული მედიის ინფორმაციით, რუსეთის დელეგაცია რეზოლუციას გააპროტესტებს.
როგორც „იტარ-ტასთან“ ინტერვიუში რუსეთის დელეგაციის ხელმძღვანელის მოადგილე ლეონიდ სლუცკი აცხადებს, პროექტი მეტისმეტად კრიტიკული და პოლიტიზირებულია. „დასკვნაში ჩართულია ბევრი პოლიტიკა, სინამდვილეში კი ის უნდა იყოს წმინდად ჰუმანიტარული და ხალხის პრობლემის გადაწყვეტისკენ მიმართული. ამის ნაცვლად ყურადღება გამახვილებულია სხვადასხვა პოლიტიკურ დეტალებზე, ისეთებზე როგორიცაა შესვლა-გასვლა სამხრეთ ოსეთსა და აფხაზეთში თბილისის გავლით“, - განაცხადა სლუცკიმ.
გარდა ამისა, პარლამენტარების წინაშე წარდგება ევროპის საბჭოს გენერალური მდივანი ტორბიორნ იაგლანდი. მინისტრთა კომიტეტის სახელით კი ასამბლეას მიმართავს ანდორის საგარეო საქმეთა მინისტრი ჯილბერ საბოია სუნე.
ევროპის საბჭოს საპარლამენტო ასამბელის ზამთრის სესია სტრასბურგში 21-25 იანვარს გაიმართება.