დეპუტატი ზურაბ ჯაფარიძე მმართველ გუნდს მოუწოდებს - განმარტონ თუ რას წარმოადგენს რეალურად ე.წ. ეკონომიკური ექსპერტი გია ხუხაშვილი.
როგორც პარლამენტის დღევანდელ რიგგარეშე სხდომაზე, ჯაფარიძემ განაცხადა, ეკონომიკური ზრდის მაჩვენებლის ყველა ციფრი თითქმის ნულამდეა დასული, რაც იმაზე მიუთითებს, რომ ქართული ეკონომიკა რეცესიის მდგომარეობაში იმყოფება.
„პირდაპირმა უცხოურმა ინვესტიციებმა იკლო და ასევე იკლებს გაცემული სესხების რაოდენობა და ზოგადად ეკონომიკურმა აქტივობამ. ეს ყველაფერი იმაზე მეტყველებს, რომ კერძო სექტორს ნდობა და სტაბილურობის განცდა აღარ აქვს. ნაცვლად იმისა, რომ ახალი სამუშაო ადგილების შექმნა ხდებოდეს, დიდი ალბათობით სამუშაო ადგილები მოიკლებს. ვფიქრობ, რომ თუ ხელისუფლება სწორ ნაბიჯებს არ გადაგამს, ხვალ ჩვენი მოქალაქები კიდევ უფრო მძიმე მდგომარეობში აღმოჩნდებიან, ვიდრე აქამდე იყვნენ. მიზეზი არის გაუაზრებელი რიტორიკა და ქმედები მთავრობის წარმომადგენლების მხრიდან“, - დასძინა ჯაფარიძემ.
ამას გარდა, ჯაფარიძემ გია ხუხაშვილთან დაკავშირებითაც ისაუბრა და განაცხადა, რომ ეკონომიკური ექსპერტი ბიზნესმენებს იბარებს.
„ვიცით, რომ ე.წ. ეკონომიკური ექსპერტი გია ხუხაშვილი ჭავჭავაძეზე ზის და იქ იბარებს ბიზნესმენებს, კაცმა არ იცის, რაზე ელაპარაკება. იქნებ, ვინმემ აგვიხსნას, რას წარმოადგენს ეს ადამიანი და რატომ იბარებს ბიზნესმენებს. ახალ ხელისუფლებას საერთოდ რა ფუქცია-მოვალეობები აქვს მასზე დაკისრებული“, - დასძინა ჯაფარიძემ.