პარლამენტის ვიცე-სპიკერი მანანა კობახიძე მიიჩნევს, რომ „ნაციონალურ მოძრაობასა“ და საზოგადოებას შორის არსებული დაძაბული ვათარება წინა ხელისუფლების მიერ განხორციელებული ქმედებების შედეგია.
როგორც რიგგარეშე სხდომაზე, გოკა გაბაშვილის საპასუხოდ კობახიძემ განაცხადა, საკონსტიტუციო ცვლილებების განხილვის სხდომების ჩაშლა ხელისუფლების ინტერესებში არ შედის და პირიქით, მმართველი გუნდი ზუგდიდში ვითარების განმუხტვას ცდილობდა.
„ჩვენს ინტერესებში არ შედის, რომ სხდომები ჩაიშალოს. საზოგადოებას მივმართეთ და მათგან წესრიგი დაცვა მოვითხოვეთ. თქვენს ბრალდებებს კი ვერ გავიზიარებთ. თქვენი მხრიდან წლების განმავლობაში, რაც მოდიოდა თავად იცით და ხალხს თუ პროტესტი გაუჩნდა, ეს თქვენი პრობლემაა საზოგადოებასთან ურთიერთობაში“, - დასძინა კობახიძემ.
ამას გარდა, კობახიძე ქუთაისში დაგეგმილ კომისიის სხდომას გამოეხმაურა და სამართალდამცავ უწყებებს ვითარების გაკონტროლება სთხოვა.
"მივმართავ ქუთაისის სამართალდამცავ ორგანოებს და პატრულს, სამხარეო პოლიციას, რომ მაქსიმალურად, სასტუმრო "ბაგრატის" ტერიტორიაზე იყვნენ მობილიზებულები; უზრუნველყონ ამ შეხვედრის ჩატარება მშვიდობიან გარემოში და მოხდეს პარლამენტის წევრების დაცვა ყოველგვარი თავდასხმებისა და პროვოკაციებისგან", - აღნიშნა მანანა კობახიძემ.