თბილისის საქალაქო სასამართლომ კუდ-ის ყოფილ უფროსის, ლევან ქარდავას ადვოკატ კახა შონიას შუამდგომლობა, მისი დაცვის ქვეშ მყოფისთვის აღკვეთის ღონისძიების - პატიმრობის გირაოთი შეცვლის შესახებ არ დააკამყოფილა.
საქალაქო სასამართლოში გამართულ პროცესზე კახა შონიამ შუამდგომლობა აღკვეთის ღონისძიების შეცვლასთან დაკავშირებით, საქმეში ახალი გარემოებიდან გამომდინარე დააყენა. როგორც ადვოკატმა პროცესზე განმარტა, ახალი გარემოება გულისხმობს, რომ ლევან ქარდავას ერთ-ერთ ბრალდებაზე, კერძოდ, 158-ე მუხლზე ამნისტია შეეხო. ამასთან, როგორც პროცესზე ადვოკატმა განაცხადა, გამოძიება ქარდავას საქმესთან დაკავშირებით თითქმის დასრულებულია და მისი დაცვის ქვეშ მყოფი გავლენას ვერ მოახდენს მოწმეებზე. ამასთან, მისი განმარტებით, ქარდავა ქვეყნის დატოვებას არ შეეცდება იქიდან გამომდინარე, რომ მან დაკავებამდე ერთი კვირით ადრე იცოდა რომ ძებნა იყო მასზე გამოცხადებული და ამ პერიოდშიც არ უცდია საზღვრის გადაკვეთა.
დამატებით გარემოებად დაცვის მხარემ ისიც დაასახელა, რომ ქარდავას მცირეწლოვანი შვილი ფსიქოლოგიური სტრესის ქვეშ არის და ექიმების მეთვალყურეობა სჭირდება.
დაცვის მხარის შუამდგომლობას არ დაეთანხმა პროკურატურა. ამასთან, როგორც პროკურორმა პაატა ჯაველიძემ პროცესზე განაცხადა, შუამდგომლობა იმიტომაც არ უნდა დაკმაყოფილდეს, რომ ლევან ქარდავას უახლოეს დღეებში ბრალი უმძიმდება ისევე, როგორც მასთან ერთად დაკავებულ შოთა ხიზანიშვილს.
თბილისის საქალაქო სასამართლოს მოსამართლემ ლარისა ლიპარტელიანმა დაცვის მხარის შუამდგომლობა არ დააკმაყოფილა.
დღევანდელ პროცესს ბრალდებული ლევან ქარდავაც ესწრებოდა. როგორც პროცესის დასრულების შემდეგ ქარდავას ადვოკატმა კახა შონიამ განაცხადა, იგი საქალაქო სასამართლოს დღევანდელი გადაწყვეტილების გასაჩივრებას არ აპირებს.
,,გასაჩივრებას აზრი არ აქვს და შესაბამისად, არ ვაპირებ. სასამართლოს დღევანდელი გადაწყვეტილება არასწორია. ათავისუფლებენ უფრო მაღალი თანამდებობის პირებს, თუმცა როგორც ჩანს, ლევან ქარდავა ვიღაცის მძევალია”, - განაცხადა კახა შონიამ.