„ნაციონალური მოძრაობა“ ზუგდიდში მომხდარ ინციდენტში ბრალს კოალიცია „ქართულ ოცნებას“ სდებს.
როგორც from.ge-ს საპარლამენტო უმცირესობის ერთ-ერთმა ლიდერმა, გოკა გაბაშვილმა განუცხადა, ზუგდიდში საკონსტიტუცოიო ცვლილებების პროექტის განხილვისთვის სხდომა უნდა გამართულიყო, რომელიც საერთაშორისო ორგანიზაციების მიერ იყო ორგანიზებული, მაგრამ სხდომა არ ჩატარდა.
მისი თქმით, ნაცვლად იმისა, რომ სხდომაზე საკითხის ნორმალური განხილვა მომხდარიყო, „ქართულმა ოცნებამ“ საკუთარი აქტივისტების მობილიზება მოახდინა და ადგილზე 200 კაცამდე მიიყვანეს, რომლებიც ძალიან აგრესიულად და დესტრუქციულად იქცეოდნენ.
„მათ ფაქტიურად სხდომა ჩაშალეს და საუბრის საშუალება არავის მისცეს. მათ დეპუტატების ლანძღვა-გინებით პროვოკაცია მოაწყვეს. ეს ფაქტი კიდევ ერთხელ იმას ადასტურებს, რომ „ქართული ოცნების“ წევრები ვერ ხვდებიან, რომ ისინი ხელისუფლებაში არიან და იმის მაგივრად, რომ პროვოკაციის აღკვეთით დაკავდნენ, ამ ფატქბეის ორგანიზებით არიან დაკავებულნი. ეს იყო „ქართული ოცნების“ აქტივი, რომელიც ადგილზე ორგანიზებულად მიიყვანეს. ორი დღის წინ, შს მინისტრმა განაცხადა, რომ ასეთ ფაქტებს ადგილი არ ექნებოდა და ნებისმიეირ ქმედება მკაცრად აღიკვეთებოდა, მაგრამ როგორც ჩანს, ტაქტიკა ისეთია, რომ ასეთი ტიპის განცხადებების მიუხედავად, პროვოკაციები მაინც მოხდება“, - დასძინა გაბაშვილმა.
შეგახსენებთ ზუგდიდში, დემოკრატიული ჩართულობის ცენტრში ინციდენტი მოხდა. დემოკრატიული ჩართულობის ცენტრში კონსტიტუციაში შესატანი ცვლილებების პროექტის განხილვა დასრულების შემდეგ, საპარლამენტო უმცირესობის წარმომადგენლებმა აკაკი მინაშვილმა და ნუგზარ წიკლაურმა დაცვის თანხლებით დატოვეს შენობა. მოქალაქეების ნაწილმა მათ მანქანასაც დაუშინეს კვერცხები. მანამდე, მოქალაქეებმა კვერცხი ესროლეს აკაკი ბობოხიძესაც. მოგვიანებით, აკაკი ბობოხიძემ საპატრულო პოლიციის დახმარებით მიმდებარე ტერიტორია დატოვა.
კომენტარის გარეშე, ყველაზე გვიან დატოვა შენობა საპარლამენტო უმცირესობის კიდევ ერთმა წარმომადგენელმა, მარიამ საჯაიამ.